
1777 წელს მეორე კონტინენტურმა კონგრესმა დაადგინა, რომ შეერთებული შტატების დროშაზე გამოსახული იქნებოდა 13 წითელი და თეთრი ფერის ზოლი ერთმანეთის მონაცვლეობით, ასევე, ლურჯ ფონზე 13 თეთრი ვარსკვლავი.
მომდევნო წლებში დროშის ვიზუალში ცვლილება ოფიციალურად 26-ჯერ შევიდა. საბოლოოდ დადგინდა პროპორციები, დარეგულირდა ფერის ჩრდილები და გაიზარდა ვარსკვლავების რიცხვი. წლების განმავლობაში ბავშვები მას ერთგულებას ეფიცებიან, ჯარისკაცები თავს სწირავენ, აქციის მონაწილეები წვავენ...
ამერიკელი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი იყენებს განსხვავებულ დროშებს, რომლებსაც შეხვდებით სახლებში, გზატკეცილებზე, ნავებზე, სატვირთო მანქანებსა და სხვა ადგილებში. რესპუბლიკის 246 წლის იუბილეზე უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ-ის დროშა გულისხმობს ამ ყველაფერს ერთად და კიდევ უფრო მეტს. დროშა არის დროშა და ის მოიცავს მთელ ამერიკულ იდეას.
1861 წელს აბოლიციონისტი ჰენრი ვორდ ბიჩერი ამბობდა: "როდესაც მოაზროვნე გონება ხედავს ერის დროშას, ის ხედავს არა დროშას, არამედ თავად ერს. და როგორიც არ უნდა იყოს მისი სიმბოლოები, ის ძირითადად დროშაში კითხულობს მთავრობას, პრინციპებს, ჭეშმარიტებებს, ისტორიას, რომელიც ეკუთვნის ერს, რომელიც მას ასახავს...
თუ ვინმე მკითხავს ჩვენი დროშის მნიშვნელობას, მე ვუპასუხებ, რომ ეს ნიშნავს იმას, რასაც ნიშნავდა კონკორდი და ლექსინგტონი, რასაც ნიშნავდა ბანკერ ჰილი; ეს ნიშნავს მთელ დიდებულ რევოლუციურ ომს, რომელიც, მოკლედ რომ ვთქვათ, იყო მამაცი ახალგაზრდების აჯანყება ძველი ტირანიის წინააღმდეგ, რათა ჩამოეყალიბებინათ ყველაზე მნიშვნელოვანი დოქტრინა, რომელიც მსოფლიოს ოდესმე ჰქონია - ადამიანების უფლება საკუთარი თავის და მათ თავისუფლებების შესახებ."
პესიმისტის თვალში დროშაში განსახიერებული სამოქალაქო პროექტი იშვიათად ყოფილა იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ახლა პოლიტიკური განხეთქილების ფონზეა.
1858 წელს აბრაამ ლინკოლნი ნაწილობრივ გამოეხმაურა ასეთ წუხილს. მან აღნიშნა, რომ ემიგრანტები ან ისინი, ვისი წინაპრებიც ამერიკაში ჩავიდნენ და დასახლდნენ, ყველაფერში ადგილობრივების თანასწორები აღმოჩნდნენ.
ის, რაც ამ თანასწორობის იდეალს ამტკიცებდა, იყო მთავარი პრინციპი დამოუკიდებლობის დეკლარაციის, რომლის მიღებასაც ამერიკელები ყოველწლიურად აღნიშნავენ 4 ივლისს - ყველა ადამიანი თანასწორად არის შექმნილი.
აბრაამ ლინკოლნის თქმით, ეს არის დეკლარაციის ელექტრო კაბელი, რომელიც აკავშირებს პატრიოტ და თავისუფლებისმოყვარე ადამიანების გულებს. ის დააკავშირებს ამ პატრიოტულ გულებს მანამ, სანამ თავისუფლების სიყვარული არსებობს ადამიანთა გონებაში მთელ მსოფლიოში.
აშშ-მა ბევრჯერ ვერ შეძლო დეკლარაციის იდეალების შესრულება, მაგრამ მისი მისწრაფებების კეთილშობილებაში ეჭვის შეტანა არავის შეუძლია. ამერიკა, როგორც ფ. სკოტ ფიცჯერალდმა თქვა, არის "გულის მზაობა". განსაცდელშიც კი (განსაკუთრებით ამ დროს) ვარსკვლავებით მოფენილი ბანერი იწვევს ამ მზაობას და უკეთესი მომავალი დღეების იმედს გვისახავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ ბლუმბერგი