LIVE

გერმანიაში, 1991 წლის შემდეგ პირველად, თვე სავაჭრო დეფიციტით დასრულდა

05 ივლ 202210:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 700
გერმანიაში, 1991 წლის შემდეგ პირველად, თვე სავაჭრო დეფიციტით დასრულდა

გერმანიამ 30 წლის განმავლობაში პირველად, ყოველთვიური სავაჭრო დეფიციტის შესახებ გამოაცხადა. დეფიციტი, ანუ იმპორტის გადაჭარბება ექსპორტზე, კომპანიებისთვის იმპორტის გაზრდილმა ხარჯებმა და შესუსტებულმა მოთხოვნამ გამოიწვია, რაც შემცირებულ ეკონომიკურ პერსპექტივას დაემთხვა.

ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის მაისში სავაჭრო დეფიციტი 1 მილიარდი ევრო იყო, რაც 1991 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ტრანსსასაზღვრო გაყიდვები მოულოდნელად 0,5%-ით დაეცა, ხოლო იმპორტი 2,7%-ით გაიზარდა, ბევრად მეტით, ვიდრე ეკონომისტები ელოდნენ.

”გასაკვირი არ არის, რომ ექსპორტი არსებულ გარემოში, მცირდება. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმპორტზე და განსაკუთრებით ფასების განვითარებაზე”,- განაცხადა ოლივერ რაკაუმ, ფრანკფურტის Oxford Economics-ის ეკონომისტმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ჩინეთში Covid-თან დაკავშირებული შეზღუდვები საერთაშორისო მიწოდების ქსელებს მძიმე ტვირთად აწვება, რაც გერმანიის ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი შედეგების წინაშე აყენებს.

იმპორტის ხარჯები, როგორიცაა ენერგია საკვები და მწარმოებლების მიერ გამოყენებული ნაწილები, მაისში წინა წელთან შედარებით 30%-ზე მეტით გაიზარდა. ექსპორტისთვის გაზრდილი ფასები კი ამ მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარზეა.

რაკაუს თქმით, მაშინაც კი, თუ ინფლაციის გათვალისწინებით კორექტირებისას მონაცემები ნაკლებად საყურადღებოა, საგარეო ვაჭრობას მაინც ნეგატიური გავლენა ექნება გერმანიის ეკონომიკურ ზრდაზე.

მისი თქმით, მზარდი ცხოვრების ხარჯებისა და მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ვაჭრობის პერსპექტივა საკმაოდ უიმედოა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი