LIVE

EBRD-ის ინვესტიციამ მწვანე ბონდებში მილიარდ ევროს გადააჭარბა

30 ივნ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 762
EBRD-ის ინვესტიციამ მწვანე ბონდებში მილიარდ ევროს გადააჭარბა
ბოლო €65 მილიონიანი ინვესტიციით პოლონურ PKO Bank Hipoteczny-ს მწვანე ბონდებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალდაბანდებამ მწვანე ფინანსების მიმართულებით მილიარდ ევროს გადააჭარბა. 
 
მწვანე ბონდებში ინვესტირება ბანკმა 2017 წელს დაიწყო, 1 მილიარდ ევროიანი ნიშნული ახლა გადალახა, ხოლო მის მიერ დაფინანსებული ბონდების ღირებულება ჯამურად ახლა უკვე 7 მილიარდ ევროს აჭარბებს. 
 
იმ ბაზრებზე, სადაც EBRD ოპერირებს, საფინანსო ინსტიტუტი მწვანე კაპიტალის პოპულარიზაციას სხვადასხვა გზებით ეწევა. მათ შორის, სხვადასხვა სექტორის კომპანიების მიერ გამოშვებულ მწვანე ბონდებში ინვესტირებით, ცოდნის გაზიარებით, ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფით, ან საკრედიტო რესურსის შეთავაზებით საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორების მოსაზიდად, რითაც სამომავლოდ გზა გაეხსნება ბაზარზე ახალი მწვანე ბონდების გამოჩენას.
 
ბანკის ინფორმაციით, მწვანე ბონდების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს იმ ბაზრებზე, სადაც EBRD ოპერირებს. მხოლოდ 2021 წელს ბანკმა რეკორდული თანხა, €524 მილიონი დააბანდა მწვანე ბონდების 17 განთავსებაში. 
 
"მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, EBRD-სგან კლიენტების მეტ მხარდაჭერას მოითხოვს, რათა მათ შეძლონ გავიდნენ ბაზარზე და დააინტერესონ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორები მწვანე პროექტების დაფინანსებით. ამგვარად ჩვენ შევძლებთ მეტი ცოდნა მივცეთ ბონდების ემიტენტებს და ინვესტორებს, თუ რას ნიშნავს მწვანე ინვესტიციები და საბოლოოდ, გავამწვანოთ მთელი ფინანსური სისტემა,” განმარტა EBRD-ის მმართველმა დირექტორმა კლიმატის სტრატეგიის მიმართულებით, ჰარი ბოიდ-კარპენტერმა.  
 
EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი მწვანე ფასიანი ქაღალდების უმეტესობა გამოირჩევა იმით, რომ ის პირველი იყო ამა თუ იმ ქვეყნის ბაზრისთვის, ან კონკრეტული სექტორისთვის. 2010 წლიდან მოყოლებული, ბანკი თავადაც უშვებს მწვანე ბონდებს, რამდენადაც მზარდია ისეთი ინვესტორების რაოდენობაც, ვინც სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით საკითხებს საინვესტიციო პროექტებში. 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის, EBRD-ს გამოშვებული ჰქონდა 124 მწვანე ობლიგაცია 14 ვალუტაში, საერთო ღირებულებით €8 მილიარდი.