
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანას პირველად ტოვებს. ვლადიმერ პუტინი დღეს ტაჯიკეთში მიემგზავრება, მოგვიანებით ის ეწვევა თურქმენეთს, სადაც ხვალ კასპიის ზღვის ქვეყნების სამიტს დაესწრება. უცნობია გამართავს თუ არა პუტინი სამიტის პარალელურად ორმხრივ შეხვედრებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, პუტინი ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, ემომალი რაჰმონთან.
ვლადიმერი პუტინი უკანასკნელად საზღვარგარეთაც იყო თებერვლის დასაწყისში, როდესაც ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან მოლაპარაკებებისთვის პეკინში ზამთრის ოლიმპიადის დროს ჩავიდა.
პუტინი მიწვეულია მიმდინარე წლის ნოემბერში G-20-ის სამიტზე ინდონეზიაში. ჯერჯერობით უცნობია ღონისძიებას ონლაინ დაესწრება თუ ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს.
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ვლადიმერ პუტინს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და კანადაში შესვლა აკრძალული აქვს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია