LIVE

გეითსი და სოროსი აბორტის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

25 ივნ 202214:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 630
გეითსი და სოროსი აბორტის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

ბილ გეითსმა ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმების შესახებ, “მიუღებელი წარუმატებლობა” უწოდა. მილიარდერის თქმით, ეს საფრთხეს უქმნის ქალების სიცოცხლეს. მელინდა ფრენჩ გეითსმა განაცხადა, რომ “ამერიკა დიდ ნაბიჯს დგამს უკან”.

ჯორჯ სოროსმა კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილება “არღვევს ადამიანის უფლებებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას”.

ბილ და მელინდა გეითსები ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის მხარდამჭერები იყვნენ მთელ მსოფლიოში. ამ მიმართულებით მუშაობაში დიდი წვლილი შეიტანა მათმა საქველმოქმედო ფონდმაც, რომელიც ყოველწლიურად $280 მილიონს გამოყოფს 2030 წლამდე.

აგვისტოში განქორწინების შემდეგ, მელინდა გეიტსმა ყურადღება გაამახვილა საკუთარ ფილანთროპიულ საინვესტიციო კომპანიაზე, Pivotal Ventures-ზე, რომელიც დაარსდა 2015 წელს და ფოკუსირებულია “ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდებაზე, რომლებიც ეხება ქალებსა და ოჯახებს აშშ-ში”.

გასულ თვეში ბილ გეითსმა განაცხადა, რომ “შოკირებულია” გამოქვეყნებული მოსაზრების პროექტით, რომელიც წინასწარმეტყველებდა აბორტის უფლების გაუქმებას და ამტკიცებდა, რომ ასეთი ნაბიჯი აშშ-ს 50 წლით უკან დააბრუნებდა.

Microsoft-მა 9 მაისს განაცხადა, რომ დაეხმარებოდა თანამშრომლების ხარჯების დაფარვაში, თუ იძულებულნი გახდებოდნენ გამგზავრებულიყვნენ სხვა შტატში აბორტის გასაკეთებლად ან სქესის დამადასტურებელი მკურნალობის გასავლელად.

მელინდა გეითსის თქმით, “მხოლოდ ერთი განაჩენი არასოდეს იქნება საკმარისი ქალთა თანასწორობის დასაცავად და არც მისი დემონტაჟისთვის”.

მელინდა გეითსმა და ჯეფ ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ, მაკენზი სკოტმა დიდი ინვესტიცია განახორციელეს აბორტის უფლებებისა და კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ალბათობა იზრდებოდა.

ფინანსისტი ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი, დემოკრატიული პარტიის მთავარი დონორი, ასევე გამოხატავს შეშფოთებას სასამართლოს გადაწყვეტილების გამო. Open Society Foundations-მა “ჩადო ინვესტიცია რეპროდუქციული უფლებების ორგანიზაციებში, რომლებიც ამჟამად წინააღმდეგობას უწევენ გადაწყვეტილებას”. 

აბორტის უფლების დაცვის მოძრაობებმა შეიძლება მნიშვნელოვანი სტიმული მიიღონ კიდევ ერთი ცნობილი მილიარდერის, უორენ ბაფეტისგან. 91 წლის ბაფეტმა Berkshire Hathaway-ში თავისი წილის 85%, რაც $93,2 მილიარდის ღირებულების ძირითად ნაწილს შეადგენს, ქველმოქმედებას გადასცა.

შემოწირულებების უმეტესი ნაწილი გადავიდა გეითსის ფონდში, მაგრამ პატარა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც მისი გარდაცვლილი პირველი მეუღლის სახელი ჰქვია, ემზადება თანხების შემოდინებისთვის ბაფეტის გარდაცვალების შემთხვევაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევონ პენდლტონი