LIVE

WFP ლტოლვილებისთვის საკვების რაციონს ანახევრებს

20 ივნ 202218:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 536
WFP ლტოლვილებისთვის საკვების რაციონს ანახევრებს

მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) ლტოლვილებისთვის საკვების რაციონს ანახევრებს. პროგრამა შიმშილის კრიზისის წინაშე დგას, რომელიც უკრაინაში ომისა და დაფინანსების შეზღუდვის გამო გაუარესდა.

"იძულებულები ვართ, მივიღოთ მძიმე გადაწყვეტილება და შევამციროთ საკვები რაციონი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ჩვენზე არიან დამოკიდებული",- განაცხადა WFP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მკვეთრად შეამცირა უკრაინიდან მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ექსპორტი, რამაც ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. ამას დაემატა ფასებზე ზეწოლა ლოჯისტიკური შეფერხებებისა და მოთხოვნის პოსტ-პანდემიური ზრდის გამო. ამასთან, მცდელობები, რომ უკრაინამ სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტი განაახლოს, ნელა მიმდინარეობს.

ეთიოპიაში, კენიაში, სამხრეთ სუდანსა და უგანდაში მცხოვრები ლტოლვილები საკვების რაციონის შემცირებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. აღსანიშნავია, რომ WFP-მა საქმიანობის განმავლობაში ლტოლვილების რაციონი უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა 67% 2021 წელს სურსათის კრიზისის მქონე ქვეყნებიდან წამოვიდა. მხოლოდ მიმდინარე წელს უკრაინა ექვსმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, საკვების დეფიციტმა შესაძლოა, კიდევ მილიონობით ადამიანის მიგრაცია გამოიწვიოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აინ ქუინი