
2009 წლის შემდეგ, ჩინეთში სამომხმარებლო ფასები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამის მიზეზი ღორის ხორცია, რომელიც ნოემბერში 12.5%-ით გაიაფდა, რაც გასულ წელს გავრცელებული ღორის გრიპის შემდეგ ქვეყანაში ხორცის გაზრდილმა მიწოდებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი დიდი რაოდენობით ღორის ხორცს მოიხმარს, შესაბამისად ეს პროდუქტი სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვანი ნაწილია. წელს ქვეყანამ რეკორდული მოცულობის ღორის ხორცის იმპორტი განახორციელა ნაკლებობის შესავსებად, ამასობაში კი ადგილობრივი წარმოებაც აღდგა, ჭარბმა მიწოდებამ კი ფასებს დაღმასვლისკენ უბიძგა.
საერთო ჯამში გასულ წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიურად 0.5%-ით შემცირდა, მაშინ როცა 2009 წლის შემდეგ კლება არ ყოფილა. ბოლო 10 წელში პირველად, ქვეყანაში დეფლაცია დაფიქსირდა. საკვები პროდუქტები 2%-ით გაიაფდა.
Bloomberg-ის ეკონომისტები ელიან, რომ დეფლაცია 2021 წლის დასაწყისამდე გასტანს და ახლა მთავარი საკითხი ის არის, თუ როგორ აისახება ეს ტენდენცია ეკონომიკურ აქტივობაზე. საქმე იმაშია, რომ სამომხმარებლო ფასების დაღმასვლა საფრთხეს უქმნის კომპანიების შემოსავლებს და ნეგატიურ გავლენას იქონიებს ეკონომიკის აღდგენის ტემპზე. გარდა ამისა, შეამცირებს საერთო მოთხოვნასაც, რადგან ადამიანები თავს შეიკავებენ ხარჯვისგან, ფასების შემდგომი კლების მოლოდინში. ეს ორივე ფაქტორი ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გახდება მომდევნო თვეებში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია