
ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს. უმსხვილესი ციფრული აქტივის ღირებულება $20 000-იან კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.
უმსხვილესი კრიპტოვალუტა ოთხშაბათს კიდევ 8.6%-ით დაეცა და მისმა ფასმა $20,081 შეადგინა. მონეტის ფასი ზედიზედ მეცხრე დღეა ეცემა, რაც 2014 წლის შემდეგ ვარდნის ყველაზე ხანგრძლივი ფაზაა. ეთერიუმი კი, რომლის ფასი კიდევ 10%-ით შემცირდა, $1,000-იანი ნიშნულის გადალახვის ზღვარზეა.
კრიპტო აქტივების სტაბილურობასთან დაკავშირებით ინვესტორების შფოთვა ძლიერდება. CoinGecko-ს მიხედვით, USDD, რომელიც დოლარის ღირებულებას უნდა ინარჩუნებდეს 96 ცენტზე ქვემოთ დაეცა.
ბაზარი, რომელმაც გასული წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინების ფონზე დაღმასვლა დაიწყო, ახლა მასშტაბური პანიკის ნიშნებს ავლენს. ამასთან, ინდუსტრიაზე ნეგატიურად იმოქმედა Terra-ს ბლოკჩეინის კოლაფსმა და კრიპტო კრედიტორის Celsius-ის მიერ თანხის გატანის შეჩერებამ. Glassnode-ის მიხედვით, გრძელვადიანი "ჰოლდერებიც" კი, რომლებიც აქამდე კრიპტოვალუტის გაყიდვას ერიდებოდნენ, ახლა უფრო მეტად აქტივების თავიდან მოშორებისკენ იხრებიან.
თუმცა, ბიტკოინის ისტორია აჩვენებს, რომ მონეტამ შესაძლოა $20,000-იანი დონე შეინარჩუნოს. Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის, მაიკ მაკგლონის თანახმად, ვარდნის ადრინდელი ფაზები მიუთითებს, თუ სად პოულობს მონეტა გამძლეობის წერტილს.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ კრიპტოაქტივები ახლა 2021 წლის ბოლოს მიღწეული პიკის მხოლოდ მცირე ნაწილსღა ინარჩუნებს. კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია $925 მილიარდს შეადგენს, რაც ნოემბრის $3 ტრილიონიან საბაზრო კაპიტალიზაციას ერთიორად ჩამოუვარდება.
ზოგიერთი პროგნოზის მიხედვით, ფსიქოლოგიური ნიშნულების გადალახვის შემთხვევაში, კრიპტო ბაზარზე ფასების კლება კიდევ უფრო დაჩქარდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი