
საქართველოს ბანკი აგრომიმართულების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ოზურგეთში, ექადიას ტერიტორიაზე, 2 ჰექტარზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის ჯამური მოცულობა 140 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 90 000 ლარს შეადგენს.
„მოცვის პლანტაცია ნაწილობრივ სტარტაპია, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკი დაგვეხმარა. იმ 2 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც მოცვი გავაშენეთ, საწყის ეტაპზე 6 ტონა მოსავალს ველით, ვფიქრობთ, რომ 4 წლის შემდეგ, მოსავლიანობა 15 ტონამდე გაიზრდება. ჩვენ დამატებით ვფლობთ 2 ჰექტარ აუთვისებელ მიწას და სამომავლოდ გვინდა, ეს ტერიტორიაც მოცვის პლანტაციისთვის გამოვიყენოთ“, - ამბობს მცირე მეწარმე ირაკლი კარსანიძე.
„კენკროვანი კულტურები, კერძოდ კი მოცვი, ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია. ის აქტიურად გადის ექსპორტზე. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც ქართველ ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოონ და სარეალიზაციოდ გაიტანონ მოცვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამით კიდევ უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი. მიგვაჩნია, რომ ასეთი წამოწყებების მხარდაჭერით ჩვენც შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ბიზნესის გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ბოჩიკაშვილმა.
(R)