LIVE

ევროსასამართლო: რუსეთის კანონი “უცხოური აგენტების” შესახებ ადამიანის უფლებებს არღვევს

14 ივნ 202215:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 1799
ევროსასამართლო: რუსეთის კანონი “უცხოური აგენტების” შესახებ ადამიანის უფლებებს არღვევს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ რუსეთის კანონმდებლობა “უცხოური აგენტების” შესახებ არღვევს ადამიანის უფლებებს და რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ტერმინი “უცხოური აგენტები” ატარებს ცივი ომის კონოტაციას, რათა მიაწებოს იარლიყი იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებიც, კრემლის შეფასებით, პოლიტიკურ საქმიანობას უცხოეთის მხარდაჭერით ეწევიან.

რუსეთში მიღებული კანონის თანახმად, უცხოელი აგენტები ვალდებულნი არიან პუბლიკაციებს დაურთონ სათანადო მითითება და ექვემდებარებიან ძვირადღირებულ და მძიმე რეჟიმს შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშგების, აგრეთვე ფინანსური აუდიტის შესახებ.

ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა სასამართლომ 73 რუსული ჯგუფის საქმეზე გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ კანონი არღვევს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური აქტივიზმის, როგორც კრიტერიუმის გამოყენებამ ჯგუფების უცხოურ აგენტებად დასახელებისთვის, წარმოშვა “არათანმიმდევრული შედეგები და გაურკვევლობა შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში”.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, რადგან დუმამ გასულ კვირას გააუქმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია რუსეთში.

“რუსეთი აღარ აღასრულებს ამ გადაწყვეტილებებს”, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ერთ-ერთმა მომჩივანმა, ადამიანის უფლებათა დაცვის რუსულმა ჯგუფმა “აგორამ”, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას “დიდი გამარჯვება” უწოდა.

“სასამართლო სრულად დაეთანხმა მომჩივან ორგანიზაციებს, რომ კანონი უცხოური აგენტების შესახებ არა მხოლოდ არაპროგნოზირებადია, არამედ აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ მუშაობას”,- განაცხადა “აგორას” ადვოკატმა, კირილ კოროტეევმა.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთი ამკაცრებს “უცხოური აგენტების” კანონმდებლობას დასავლეთის მიმართ უნდობლობის გამძაფრების ფონზე.

რუსეთმა პირველი ასეთი კანონი 2012 წელს მიიღო. მას შემდეგ ის გაფართოვდა და მოიცავს არაკომერციულ ორგანიზაციებს, მედიას და რუსეთის ცალკეულ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და აქტივისტებს.