LIVE

კრიპტოვალუტებმა შაბათ-კვირას ვარდნა განაგრძეს - ბიტკოინი $27,264 ღირს

12 ივნ 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1168
კრიპტოვალუტებმა შაბათ-კვირას ვარდნა განაგრძეს - ბიტკოინი $27,264 ღირს

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასი უფრო ფართო კრიპტო ვარდნის ფონზე კლებას განაგრძობს, რაც აშშ-ის ინფლაციის ახალ 40-წლიან მაქსიმუმს უკავშირდება.

ეთერიუმის ფასი 5%-ით $1,445-მდე შემცირდა, რაც 2021 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბიტკოინის ფასი $27,264-ს შეადგენს, ეს 12 მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა. პრაქტიკულად ყველა კრიპტოვალუტა, რომელსაც Bloomberg-ი ადევნებს თვალს, შემცირებას განაგრძობს. სხვა ვალუტებთან ერთად, Dogecoin-ის და Avalanche-ის ფასი სინგაპურის დილის ვაჭრობაში 7%-ზე მეტით დაეცა.

აშშ-ის ინფლაციის მონაცემებმა, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, მოლოდინებს გადააჭარბა და ყოველგვარი იმედი გაანადგურა, რომ ფასების ზრდამ შესაძლოა უკვე მიაღწია პიკს. ინფლაციის მაჩვენებლებს აქციების ბაზრების ვარდნა მოჰყვა. ბოლო თვეებში ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, რადგან ინვესტორები რისკის შემცველი აქტივებისგან დისტანცირდებიან.

Coinglass-ის მონაცემებით, მთლიანი კრიპტო ლიკვიდაცია ზედიზედ მესამე დღეა $100 მილიონს აჭარბებს. ლიკვიდაციის მოცულობამ პარასკევს $258 მილიონს, ხოლო შაბათს $290 მილიონს მიაღწია. ასევე, MVIS CryptoCompare Digital Assets 100 ინდექსი, რომელიც 100 უმსხვილეს მონეტას ადევნებს თვალს, 2021 წლის იანვრიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი