LIVE

სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები წელს რეკორდულ $1.81 ტრილიონს მიაღწევს

10 ივნ 202212:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 621
სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები წელს რეკორდულ $1.81 ტრილიონს მიაღწევს

სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები 2022 წელს ახალ რეკორდს მიაღწევს. თუმცა, მზარდი ფასები ნიშნავს, რომ მომხმარებლები მეტი ფულის სანაცვლოდ მეტ პროდუქტს ვერ მიიღებენ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ სურსათის იმპორტი მიმდინარე წელს ჯამში $1.81 ტრილიონს მიაღწევს და წინა წლის რეკორდს $51 მილიარდით გადააჭარბებს. ზრდა ძირითადად ინფლაციას უკავშირდება, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების ხარჯების კრიზისს, ხოლო ღარიბ ქვეყნებში შიმშილის პრობლემას აუარესებს.

FAO-ის სურსათის ფასების ინდექსი მიმდინარე წელს რეკორდულად გაიზარდა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებლისგან მცენარეული ზეთებისა და მარცვლეულის მიწოდება შეჩერდა. ენერგიისა და სასუქების მზარდი ფასები ასევე ზრდის მოსავლის მოყვანისა თუ პირუტყვის შენახვის ხარჯებს. ამ ყველაფრის ფონზე, გლობალური შიმშილის შესახებ შეშფოთება იზრდება. ანგარიში აჩვენებს, რომ საკვების ხარჯების ზრდა უკვე აზარალებს ამ მხრივ დაუცველ ტერიტორიებს.

ანგარიშმა ასევე გამოავლინა მზარდი განსხვავება მდიდარი და ღარიბი ქვეყნების კვების რაციონში, რაც ასევე ფასების ზრდასთანაა დაკავშირებული. განვითარებულ ქვეყნები კვლავ ყიდულობენ საკვების ყველა სახეობას, ხოლო განვითარებადი რეგიონები სულ უფრო მეტად ერიდებიან მაღალი ღირებულების პროდუქტებს, რაც ამ ქვეყნებში კვების რაციონის მრავალფეროვნებასა და ხარისხს ამცირებს.

FAO-ს განცხადებით, გლობალური იმპორტის ხარჯებში თითქმის 3%-იანი მატება გაზრდილ ფასებს უკავშირდება და არა მეტი პროდუქტის შესყიდვას. ანგარიშის თანახმად, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები მიმდინარე წელს სურსათის შესყიდვებს $2.4 მილიარდით შეამცირებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან დურისინი