LIVE

ლოგისტიკური კომპანია Girteka Logistics-ი თბილისში ოფისს გახსნის - ხიდურელი

09 ივნ 202217:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 1686
ლოგისტიკური კომპანია Girteka Logistics-ი თბილისში ოფისს გახსნის - ხიდურელი

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია Girteka Logistics-ი წელს, თბილისში, გლობალური სერვისების ოფისს გახსნის. ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიის შემოსვლის შედეგად, მომდევნო ორ წელში 300-ზე მეტი ახალი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

„მსგავსი მასშტაბის კომპანიის და გლობალური სერვისების ცენტრის საქართველოში განთავსება, საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის მიმართ ნდობის და ამ კუთხით ქვეყნის პოტენციალის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. კომპანიის ეს გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი სააგენტოსა და ქვეყნისათვის. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი სტრატეგია და მიდგომები, რომელიც უკვე ორი წელია დავნერგეთ, ხელშესახებ შედეგებს იძლევა“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

Girteka Logistics-ში აცხადებენ, რომ საქართველო ექვსი ქვეყნის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგად შეარჩიეს.  

„არჩევანი შევაჩერეთ საქართველოზე, ჩვენ მიერ ჩატარებული ექვსი ქვეყნის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ, რომლის ფარგლებში ვაფასებდით რამდენიმე ფაქტორს, როგორებიცაა სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, განათლებისა და კომპეტენციის დონე, ბიზნესგარემო და ბიზნესის ოპერირების ხარჯები მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა Girteka Logistics-ის უფროსმა ინფორმაციულმა ოფიცერმა მარტინას სარაპინასმა.

ცნობისთვის, Girteka Logistics-ი გლობალურად 21,000 ადამიანს ასაქმებს. კომპანიის 9,000 სატვირთო ავტომობილი, ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში, ყოველწლიურად, 880,000 რეისს ახორციელებს.