LIVE

კობახიძე: რუსეთთან ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს, ყველა ბიზნესი გაასხვისა

09 ივნ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 879
კობახიძე: რუსეთთან ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს, ყველა ბიზნესი გაასხვისა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირების შესახებ ტყუილია და ის რუსეთში ბიზნესს არ ფლობს.

„რუსეთთან ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს, ყველა ბიზნესი გაასხვისა სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა“,- განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ანგარიშის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით, მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. დღეის მდგომარეობით კი, ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში - შპს „აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс).

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ამით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. მაშინ ოლიგარქმა განაცხადა, რომ რუსეთში კუთვნილ ბიზნესს გაასხვისებდა, რათა ქართულ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ზედმეტი კითხვები. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა რუსეთში მხოლოდ მის სახელზე პირდაპირ რიცხული აქტივები გაყიდა.

TI-ს განცხადებით, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აღნიშნავენ, რომ ეს თავად ივანიშვილის ბიზნესინტერესებად შეიძლება ჩაითვალოს.

ამასთან, ივანიშვილს კვლავ აქვს კავშირი სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან. ამას მოწმობს 25 აპრილს გავრცელებული აუდიოჩანაწერებიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი ბანკის მიერ ივანიშვილის რუსეთთან და უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებას მოჰყვა. ივანიშვილმა თანხები დროულად ვერ მიიღო, შეფერხების მიზეზად შვეიცარიული ბანკის ტრასტმა, Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. თავის მხრივ, ივანიშვილის წარმომადგენელი PR კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს არ აქვს კავშირი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან და ის დასავლეთის მიერ სანქცირებული არ არის. ივანიშვილი ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილს ლონდონიდან, გერმანიიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.