LIVE

უკრაინელი მილიარდერი ქვეყნის დასახმარებლად სკულპტურას £10 მილიონზე მეტად ყიდის

09 ივნ 202216:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 629
უკრაინელი მილიარდერი ქვეყნის დასახმარებლად სკულპტურას £10 მილიონზე მეტად ყიდის

უკრაინელ ბიზნესმენსა და ფილანთროპს ვიქტორ პინჩუკსა და მის მეუღლეს ჯეფ კუნსის სკულპტურა "ბუშტის მაიმუნი" აუქციონზე გამოაქვთ. ვარაუდობენ, რომ ხელოვნების ნიმუში 10 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად გაიყიდება. მიღებული თანხა უკრაინაში ომით დაშავებული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკურნალობა-რეაბილიტაციას მოხმარდება.  

ვარდისფერი სკულპტურა ლონდონში სენტ ჯეიმსის მოედანზე 14 ივნისიდან გამოიფინება, ორი კვირის შემდეგ კი, მე-20 და 21-ე საუკუნეების ხელოვნებისადმი მიძღვნილ აუქციონზე გაიყიდება.

Christie's-ის ომის შემდგომი და თანამედროვე ხელოვნების ხელმძღვანელი, ქეტრინ არნოლდის თქმით, ეს საკმაოდ განსაკუთრებული, მონუმენტური ქანდაკებაა. მისი სიგრძე ექვსი მეტრია და ნახვად ნამდვილად ღირს. 

"ეს ქანდაკება და კუნსის შესრულებული ქანდაკებების სერია ბავშვობის უდანაშაულობასა და სიხარულს ეძღვნებოდა. ისინი ნამდვილად უკავშირდება დღესასწაულს როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის, რადგან ყველას უყვარს ბუშტის ცხოველი.

თვითონ ფაქტი, რომ ეს მონუმენტური ქანდაკება გვაქვს აქ, ლონდონში, იქცევა ერთგვარი იმედის სიმბოლოდ და ასევე სოლიდარობის სიმბოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ცხოვრებაც უკრაინაში სრულად განადგურდა", - ამბობს არნოლდი და დასძენს, რომ თუ მონუმენტი სასურველ ფასად გაიყიდება, მას მართლაც შეუძლია ადამიანებს მნიშვნელოვნად დაეხმაროს. 

კუნსმა "მაიმუნის ბუშტის" ხუთი სკულპტურა შექმნა. 2014 წლის ნოემბერში მისი ნარინჯისფერი ვერსია Christie's აუქციონზე $25,9 მილიონად (£23.6 მილიონი) გაიყიდა. 

2008 წელს მხატვრის სკულპტურა ვარდისფერი "ბუშტის ყვავილი" ანალოგიურად დამონტაჟდა წმინდა ჯეიმსის მოედანზე და 12,9 მილიონ ფუნტად გაიყიდა. 

სკულპტურის ავტორი პინჩუკების გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ პინჩუკებთან მეგობრობამ უკრაინელი ხალხისა და ტრადიციების მიმართ მისი ცოდნა გაამდიდრა. 

"ხელოვნების ნამდვილი ღირებულება კაცობრიობის სამსახურში ყოფნაა და ამ მომენტში არ შეიძლება იყოს იმაზე მაღალი მოწოდება, ვიდრე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაა", - ამბობს კუნსი.  

ვიქტორ პინჩუკის თქმით, ჯეფ კუნსის სკულპტურა სიცოცხლის ზეიმია. "ჩვენ სიცოცხლეს და იმედს ვდებთ სიკვდილისა და ტანჯვის წინააღმდეგ ხელოვნებაში და მოქმედებაში", - ამბობს მილიარდერი. 

Forbes-ის სიის მიხედვით, ვიქტორ პინჩუკი უკრაინის მე-2 უმდიდრესი ადამიანია და ამ დროისთვის მისი ქონება $1.9 მილიარდს შეადგენს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია