საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გიორგი ჩიქოვანი დაინიშნა, რომელიც, ამ დრომდე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. გენერალური დირექტორის პოსტზე მან გიორგი ბახტაძე შეცვალა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გიორგი ჩიქოვანს ენერგეტიკის სფეროში საექსპერტო და ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 2020 წლიდან ჩიქოვანი იკავებდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. სხვადასხვა წლებში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე.