
კამილ ვასკესი, კალიფორნიელი ადვოკატი, რომელიც მსახიობ ჯონი დეპს ყოფილ ცოლთან, ემბერ ჰერდთან სასამართლო დავაში $15 მილიონის მოგებაში დაეხმარა, დააწინაურეს.
ვირჯინიის ნაფიცი მსაჯულების მიერ დეპისთვის განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, ვასკესი იურიდიული ფირმის Brown Rudnick-ის პარტნიორი გახდა.
"ამ განცხადების გაკეთებას ფისკალური წლის ბოლომდე არ ვაპირებდით, მაგრამ კამილმა ჯონი დეპის სასამართლო პროცესის დროს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ იგი მზად იყო ეს ნაბიჯი ახლა გადაედგა", - ნათქვამია Brown Rudnick-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ ბალდიგის განცხადებაში.
ვასკესი, რომელიც ცილისწამების სარჩელებზე მუშაობითაა დაინტერესებული, იურიდიულ კომპანიას ასოცირებული პარტნიორის სტატუსით 2018 წელს შეუერთდა.
37 წლის ვასკესი დეპის 6-კვირიანი დავის სამართლებრივი გუნდის მთავარი წევრი იყო. მან სოციალურ მედიაში განსაკუთრებული ყურადღება ჰერდის ჯვარედინი დაკითხვით მიიპყრო.
"მოხარული ვარ, რომ Brown Rudnick-მა პარტნიორობით სრული ნდობა გამომიცხადა", - თქვა ვასკესმა.
დეპმა ჰერდს 2018 წელს Washington Post-ში გამოქვეყნებული ოპ-ედის გამო უჩივლა და $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდი აცხადებდა, რომ ოჯახურ ძალადობის მსხვერპლი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოფილი ქმრის სახელს არ ახსენებდა, დეპმა განაცხადა, რომ სტატიამ მისი კარიერა დაანგრია. მოგვიანებით ჰერდმა $100 მილიონი მოითხოვა და დეპი ცილისწამებაში დაადანაშაულა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯონი დეპი ზიანის ანაზღაურების სახით $15 მილიონს მიიღებს, ემბერ ჰერდი კი - $2 მილიონს, რამდენადაც სასამართლომ ერთ ნაწილში მისი მოთხოვნაც დააკმაყოფილა.
ჟურნალ American Lawyer-ის მიხედვით, Brown Rudnick-მა 2021 წელს მთლიანი შემოსავლის სახით, $228 მილიონი მიიღო, რითაც ის 150 უმსხვილეს ფირმაში შედის. ფირმის პარტნიორებმა გასულ წელს საშუალოდ $1,3 მილიონი გამოიმუშავეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან ტრაიბი