LIVE

აშშ-ის ხაზინა ინვესტორებს რუსული ობლიგაციების ყიდვას უკრძალავს

07 ივნ 202220:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 681
აშშ-ის ხაზინა ინვესტორებს რუსული ობლიგაციების ყიდვას უკრძალავს
REUTERS/Dado Ruvic/Illustration

შეერთებული შტატების ხაზინა რუსეთზე ფინანსურ ზეწოლას აძლიერებს. ინვესტორებს მეორად ბაზარზე რუსული სავალო ინსტრუმენტების შეძენა შეეზღუდებათ.

განახლებული ინსტრუქციით, ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ შეინახონ ან გაყიდონ რუსული ობლიგაციები, მაგრამ მის ყიდვას ვეღარ შეძლებენ. სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის წარმომადგენლის თქმით, წესები ვრცელდება როგორც კორპორატიულ, ისე სუვერენულ ობლიგაციებსა და აქციებზე.

ახალი ღონისძიებები კიდევ ერთი დარტყმა იქნება რუსული ობლიგაციების მქონე ფონდებისთვის, რადგან ზომები ამცირებს აქტივების პოტენციური მყიდველების რაოდენობას და ძირს უთხრის მის ღირებულებას. ახალმა განკარგულებამ ინვესტორებში დაბნეულობა გამოიწვია და მათ განმარტებებისთვის იურისტებს მიმართეს. 

ბანკები, რომლებიც ვაჭრობენ რუსული კორპორაციული და სუვერენული ობლიგაციებით, უკვე განიცდიან კრიტიკას შეერთებულ შტატებში. სენატორმა ელიზაბეტ უორენმა ისინი სანქციების უგულებელყოფის გამო გააკრიტიკა და მოუწოდა JPMorgan-სა და Goldman Sachs-ს, გაასაჯაროონ შესყიდვები და გასცენ რეკომენდაციები მომხმარებლებისთვის. ორივეს მოეთხოვება გაავრცელოს ინფორმაცია რუსული სავალო ინსტრუმენტებით მოვაჭრე კლიენტების შესახებ.

ცვლილება ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთი ცდილობს თავიდან აიცილოს სუვერენული ვალის დეფოლტი. გასულ თვეში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აუკრძალა ამერიკულ ბანკებსა და ფიზიკურ პირებს რუსეთის მთავრობისგან ობლიგაციების საფასურის მიღება. რუსეთს ახლა 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს ობლიგაციებისთვის, რომლებიც 27 მაისიდან ვადაგადაცილებულია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლაურა ბენიტეზი და დენიელ ფლეტლი