ბრიტანელ მეცნიერს ირანში 9 წლიანი პატიმრობა ემუქრება. სასჯელისგან თავის არიდება მან მთებით გაქცევით მოახერხა. კამილ აჰმედს მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში ედება ბრალი, თუმცა თავად დანაშაულს არ აღიარებს.
გირაოს საფუძველზე დროიებით გათავისუფლებულმა აჰმედმა რევოლუციური არმიისგან თავის დასაღწევად მთიანი საზღვარი გადალახა, რასაც BBC-სთან ინტერვიუში „ძალიან გრძელი, ძალიან ბნელი და ძალიან საშინელი“ უწოდა.
მეცნიერი ირანის ქურთულ ნაწილში დაიბადა. მშობლების გადაწყვეტილებით კი 18 წელი დიდ ბრიტანეთში, განათლების მისაღებად გაატარა. სწავლობდა კენტის უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში. აჰმედი ისე იყო მიჯაჭვული დიდ ბრიტანეთზე, რომ მან ირანში ანთროპოლოგად დაბრუნდებამდე მოქალაქეობის მისაღებად განცხადებაც შეიტანა.
ირანში კამილ აჰმედი ნაადრევ ქორწინებასა და გენიტალიების დასახიჩრებას იკვლევდა. სწორედ ამან გამოიწვია მეცნიერის მიმართ სახელმწიფოს ინტერესი. მეცნიერი ქორწინების ასაკის გაზრდისთვის იბრძოდა. ირანული კანონმდებლობით ქორწინების ასაკი 13 წლიდან იწყება. აჰმედი 2019 წელს დააპატიმრეს.
გაქცეული მეცნიერის აზრით, მისი დევნის ერთ-ერთი მიზეზი იყო ირანის სურვილი, სამაგიერო გადაეხადა დიდი ბრიტანეთისთვის გიბრალტართან ნავთობის ტანკერის დაკავების გამო. ტანკერის დაკავების მიზეზი კი ევროკავშირის სანქციების დარღვევა გახდა.
აჰმედის თქმით, გამომძიებელმა მას „გემრიელი ლუკმა“ უწოდა - ქურთი, სუნიტური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც იკვლევს სენსიტიურ საკითხებს. „მე არა მხოლოდ უბრალო მკვლევარი ვიყავი, არამედ კვლევას ვიყენებდი საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად“.
პროკურორები აცხადებდნენ, რომ კამილ აჰმედის კვლევას შეერთებული შტატები აფინანსებდა. მეცნიერს ჰომოსექსუალობის პროპაგანდაშიც ადანაშაულებდნენ. აჰმედს პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა გიაროს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ გაიქცა. „ეს ის მომენტი იყო, როდესაც გაქცევა გადავწყვიტე, რადგან ჩემს თავს ვერ ვხედავდი ციხეში 10 წლის განმავლობაში. ჩემი შვილისთვის შორიდან უნდა მეყურებინდა და როცა გამათავისუფლებდნენ, თუ ეს მოხდებოდა, შვილი უკვე 15 წლის იქნებოდა. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ეს იყო ემოციურად, ფიზიკურად, გონებრივად რთული. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გადავდგი“.
ახლა ისმის კითხვა, როგორი იქნება თეირანის რეაგირება და რა გავლენა შეიძლება იქონიოს კამილ აჰმედის გაქცევამ სხვა მოქალაქეებზე, რომელსაც ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
BBC-ის სტატია