LIVE

პუტინის KGB-სეული გონებისთვის ფსიქოლოგიას ახსნა აქვს

05 ივნ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1192
პუტინის KGB-სეული გონებისთვის ფსიქოლოგიას ახსნა აქვს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მსგავსი დესპოტის გადახრებით სავსე გონებაში ჩასახედად, პირველ რიგში, ჩვენი ფსიქიკის ბნელ ჩაღრმავებებში უნდა გავერკვიოთ და შემდეგ ამოვიცნოთ, რა არის განსხვავებული მასში. სია გრძელია, მაგრამ ერთი კოგნიტიური აშლილობა, რომელიც საერთო და რელევანტურია პროფესიული დეფორმაციაა.

პროფესიული დეფორმაცია აღნიშნავს ვიწრო ხედვას, მიკერძოებებსა და დამახინჯებებს, რომლებსაც არჩეული სფეროს ექსპერტად ჩამოყალიბების დროს ვიძენთ.

მაგალითად, ბევრი პროკურორი ქუჩაში სიარულის დროს ეძებს ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ დაჭერილი დამნაშავეები იყვნენ. იგივე გზაზე ადვოკატი ეძებს უსამართლოდ დადანაშაულებულ ადამიანს ან მას, ვინც შესაძლოა შემაწუხებელი გამოკითხვის სამიზნე იყოს.

ჩვეულებრივ, პროფესიული დეფორმაცია ჩვენ გარშემო არსებობს, მაგრამ ის ნიუანსს არ ცდება.

გეოპოლიტიკურ კონტექსტში, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გათვალისწინებით, ფსონები, რა თქმა უნდა, ბევრად მაღალია. პუტინმა მისი პროფესიული დეფორმაცია KGB-ში, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიცადა. ის აქ 1975 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე მუშაობდა. ამ დრომდე პუტინი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ KGB-ს ყოფილი აგენტი არ არსებობს- ადამიანებმა შესაძლოა დატოვონ სააგენტო, მაგრამ ის მათ არასდროს ტოვებს.

ეს ბირთვული ძალის ლიდერობამდე ბევრად ადრე იყო. პუტინმა აქ შეიქმნა იდენტობა და პიროვნულობა, როგორც ჯაშუშმა. მას ძალაუფლება არ მოუპოვებია ოფისისთვის ტიპური კენჭის ყრის შემდეგ, ხალხისთვის ხელის ჩამორთმევით და ბავშვების კოცნით, არც ბიზნესის მართვის და პაციენტების განკურნების შემდეგ. პუტინი კრემლის ალფა მამრის პოზიციაზე ადამიანების თვალთვალით მოხვდა, მათი მანიპულირებით და ხშირად მოშორებითაც.

ის ცხოვრებაში ყველაფერს, პირადს თუ საჯაროს, რუსულს თუ გლობალურს, კატეგორიებად ყოფს- რეალური და პოტენციური მტრობა, კონსპირაციები და საფრთხეები.

ივან კრასტევი, ბულგარელი პოლიტიკის მეცნიერი ადასტურებს, რომ ის მუდმივად ღალატსა და ტყუილზე ლაპარაკობს. კრასტევი ამბობს, რომ პუტინის აზრით, როგორც ისტორიაში, ასევე მიმდინარე მოვლენებში სპონტანურად არაფერი ხდება. თუ ხალხი ქუჩაში გამოდის ის არ სვამს კითხვას, რატომ არიან ქუჩაში, არამედ ინტერესდება, ვინ გამოგზავნა ისინი.

ეს კონკრეტული პროფესიული დეფორმაცია მოიცავს სიმართლის ცნებასაც, უფრო სწორად მის საერთოდ არარსებობას ან სრულ არარელევანტურობას. პიტერ პომერანცევი, საბჭოთა კავშირში დაბადებული ბრიტანელი მწერალი წლების განმავლობაში ამბობდა, რომ პუტინი ძალაუფლების დემონსტრირებას რეალობის უკიდეგანოდ თვითნებური განსაზღვრით ახერხებს.

პომერანცევის აზრით, სამუდამო KGB-ს აგენტმა იცის, რომ თუ არაფერია მართალი, მაშინ ნებისმიერი რამ შესაძლებელია. პუტინის სისტემაში ტყუილი შეცდომა არ არის, ის მახასიათებელია.

მაშინ რა განასხვავებს მას ჩვენგან? ბევრი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი შეიძლება განიცდიდეს პროფესიულ დეფორმაციას, უმეტესობა ჩვენგანი ჯაშუში არ არის.

მეორე, რამდენადაც მიკერძოებულია ჩვენი მსოფლმხედველობა, უმეტესობას გვიწევს სხვა ადამიანებთან ინტერაქცია, რომლებსაც განსხვავებული პერსპექტივები აქვთ. პუტინი, ამის საპირწონედ, აბსოლუტურად იზოლირებულია საკუთარ ალტერნატიულ რეალობაში.

და მესამე, მაშინაც კი თუ ჩვენ ზედმეტად შევტოპავთ, უმეტესობას მილიონობით ადამიანისთვის ზიანის მიყენების ძალაუფლება არ გვაქვს. პუტინს აქვს ეს აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც ბირთვული თავდასხმის კოდებში ითარგმნება.

მისი ჩამოყალიბების წლებმა, რომელიც KGB-ში გაატარა და პროფესიული დეფორმაცია გამოიწვია, ვლადიმერ პუტინი ცინიკური, პარანოიდი, შურისმაძიებელი, არაკეთილსინდისიერი და დაუნდობელი გახადა. უკრაინამ, დასავლეთმა და მსოფლიომ მის წინააღმდეგ სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში ეს უნდა გაითვალისწინოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეას კლუსი