LIVE

Apple-ი წელს 220 მილიონი iPhone-ის წარმოებას გეგმავს

27 მაი 202210:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 1018
Apple-ი წელს 220 მილიონი iPhone-ის წარმოებას გეგმავს

Apple-ი მიმდინარე წელს iPhone-ის წარმოების უცვლელად შენარჩუნებას გეგმავს. კომპანიის პოზიცია კონსერვატიულია, რადგან სმარტფონების ინდუსტრიისთვის სიტუაცია რთულდება.

კომპანია მიმწოდებლებს სთხოვს დაახლოებით 220 მილიონი iPhone-ი ააწყონ, იგივე რაოდენობა, რაც გასულ წელს. თუმცა, ბაზრის პროგნოზები 240 მილიონ ერთეულს უახლოვდება, რაც iPhone-ის შემდეგი მოდელის მნიშვნელოვანი განახლებებით არის გამოწვეული, რომლის წარდგენაც შემოდგომაზე იგეგმება. თუმცა, მობილური ტელეფონების ინდუსტრიამ წელი მძიმედ დაიწყო, რასაც მთლიანად ინდუსტრიისთვის წარმოების მოლოდინების შემცირება მოჰყვა.

ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაცია, უკრაინაში ომი და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები 2022 წლის გაყიდვებს საფრთხეს უქმნის. სტრატეგიის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სმარტფონების მთლიანი მიწოდება მიმდინარე წელს 2%-მდე შემცირდება. TrendForce-მა წარმოების პროგნოზი ბოლო კვირების განმავლობაში ორჯერ შეამცირა, ხოლო IDC-ი და Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წლისთვის 240 მილიონი iPhone-ი იწარმოება.

Apple-მა უკვე გააფრთხილა ინვესტორები, რომ მიწოდების პრობლემები გაყიდვებზე მიმდინარე კვარტალში $4 მილიარდიდან $8 მილიარდამდე დიაპაზონში იმოქმედებს. შეფერხებები ძირითადად ჩინეთში Covid-19-ის ჩაკეტვებს უკავშირდება, რაც წარმოების ხაზებს ფუნქციონირებაში ხელს უშლის. მომხმარებელთა ხარჯვის შენელებისთვის ემზადება მთლიანად ტექნოლოგიური ინდუსტრია, რადგან ყოველდღიური საჭიროებების ღირებულება იზრდება.

სმარტფონების მთლიანმა ბაზარმა წელი რთულად დაიწყო, გადაზიდვები პირველ კვარტალში 11%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა პანდემიის დაწყების შემდეგ. Xiaomi-მ, რომელიც მსოფლიოს მესამე უმსხვილესი სმარტფონების მწარმოებელია, მიმდინარე თვეში პირველი შემცირებული კვარტალური შემოსავლები გამოაქვეყნა.

Apple-ი, მეორე მხრივ, ფსონს ძლიერ მოთხოვნაზე დებს, რადგან მისი მომხმარებლების ბაზა შედარებით მდიდარი ფენაა. ამასთან, კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისების ეკოსისტემის სიძლიერე მისი ტექნიკის გაყიდვას ხელს უწყობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დები ვუ