LIVE

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის $40 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

20 მაი 202211:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 596
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის $40 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

შეერთებული შტატების სენატმა ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის $40 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ. ინიციატივას მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა. 

კანონპროექტი ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს უკვე გადაეგზავნა.   

“ჩვენი მესიჯია - გვერდით დავუდგებით ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, როდესაც მას ებრძვის ავტოკრატია. რონალდ რეიგანმა რვა წელი დაუთმო საბჭოთა კავშირის დანგრევასა და მის ორბიტაზე მყოფი ქვეყნების გათავისუფლებას.  ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ მის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე”,- განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა.  

საწინააღმდეგო პოზიცია რესპუბლიკელებმა დააფიქსირეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ შეშფოთებულნი არიან ფულის საზღვარგარეთ გაგზავნით, რაც გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს. კანონმდებლები ბაიდენის ადმინისტრაციისგან ითხოვენ უფრო მკაფიო სტრატეგიას რუსეთის წინააღმდეგ.

სენატმა კანონპროექტი ერთკვირიანი დაგვიანებით მიიღო. მაშინ რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა გამოთქვა ინიციატივა, ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალურ გენერალურ ინსპექტორს მისცემოდა უფლება, ეკონტროლებინა უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვა.  

დემოკრატებმა განაცხადეს, რომ შეფერხებამ რუსეთს შეუწყო ხელი.

“პროცესი აქამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამაზრზენია, რომ მეორე მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გადაწყვიტა, შოუ მოეწყო და დაებლოკა უკრაინის დაფინანსება, რადგან კარგად იცოდა, რომ მას ნამდვილად არ შეუძლია მისი შეჩერება. სენატორ პოლის მხრიდან წმინდა პოლიტიკური მიზეზების გამო უკრაინის დაფინანსების გაჭიანურება მხოლოდ გააძლიერებს პუტინის პოზიციებს“, - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

კანონპროექტი მოიცავს $8,8 მილიარდიან პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას უკრაინისთვის, ასევე თანხებს კიევში აშშ-ის საელჩოს განახლებისთვის, ომის დანაშაულების დოკუმენტაციისა და ბირთვული საწვავის გაჟონვისგან დასაცავად.

გარდა ამისა, კანონპროექტი უზრუნველყოფს $4,35 მილიარდის გამოყოფას საკვების გლობალური კრიზისის წინააღმდეგ და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც ადმინისტრირებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უწევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ვასონი