LIVE

საფონდო ბირჟებზე დანაკარგები იზრდება

19 მაი 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 911
საფონდო ბირჟებზე დანაკარგები იზრდება

ვარდნა, რომელმაც აშშ-ის საფონდო ბირჟებიდან $1,5 ტრილიონი წაშალა, ევროპული აქციების ფასების შემცირებით კიდევ უფრო გაღრმავდა. პარალელურად, ამერიკული ინდექსების ფიუჩერსები მზარდი ინფლაციის ფონზე, რომელიც უკვე კორპორაციულ პერფორმანსზეც ვრცელდება, კიდევ უფრო მეტ დანაკარგებს პროგნოზირებენ.

S&P 500-ის ფიუჩერსები 0.9%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კაპიტალის საორიენტაციო ნიშნულმა 2020 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ვარდნა დააფიქსირა. Nasdaq 100-ის კონტრაქტები ტექნოლოგიური აქციების გლობალური ვარდნის ფონზე 1%-ით შემცირდა. Stoxx 600-მა 1.8%-ით დაიხია უკან. პარალელურად, ინდუსტრიის ყველა სექტორი წითელ ზონაშია, კლებაში პირადი მოვლის და ავტოწარმოების სფეროები ლიდერობენ. საფონდო ბირჟებზე დანაკარგების ფონზე შესუსტდა დოლარიც.

ფსონები, რომ მიმდინარე წლის ძლიერი შემოსვლები ინვესტორებს ტურბულენტური წლის გადატანაში დაეხმარებოდა ეჭვქვეშ მოექცა. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამომხმარებლო ტიტანებმა ხარჯვაზე მაღალი ინფლაციის მზარდ გავლენას გაუსვეს ხაზი. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებაა მოსალოდნელი.

საცალო ვაჭრობის კომპანიების აქციებმა ევროპასა და აზიაში ჯერჯერობით ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადეს. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ინვესტორებმა საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე ეჭვქვეშ დააყენეს ისეთი კომპანიების მაღალი ღირებულება, როგორიცაა Target-ი.

სასაქონლო ფრონტზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ორდღიანი ვარდნის შემდეგ მოიმატა. თუმცა, დაიკლო სამრეწველო ლითონების უმეტესობის ფასმა, რადგან გლობალური ეკონომიკური ზრდის გარშემო შფოთმა მოთხოვნის პერსპექტივა შეასუსტა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ბრენდი