
შვედეთმა და ფინეთმა დღეს ბრიუსელში ნატოში გაწევრიანების განაცხადი წარადგინეს, რაც რუსეთისგან მომავალი საფრთხის ფონზე, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების პროცესის დაწყებას ნიშნავს.
"ეს არის კარგი დღე კრიტიკულ მომენტში ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ," - განუცხადა "ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის" გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.
განაცხადს ნატოს 30-ვე მოკავშირე შეაფასებს. ახალი ქვეყნების საბჭოში დამატებას წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა კვირის დასაწყისში მიანიშნა, რომ არ დაუშვებს ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას. ერდოღანი აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ ქურთ ბოევიკებს, რომლებსაც მისი მთავრობა ტერორისტებად მიიჩნევს.
თურქეთი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ნატოს წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ თურქეთი ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, რომელიც ხვალ ვაშინგტონში შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან ერთად მიემგზავრება, ამბობს, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და დისკუსიების გზით თურქეთის პოზიციის მართვა შესაძლებელია.
ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყანა შემდეგ გზას გადის:
1. ქვეყანა ითხოვს ნატოში გაწევრიანებას;
2. ნატო წყვეტს განიხილოს თუ არა მოთხოვნა;
3. თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი ქვეყანა ნატოსთან ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს სულ მცირე ერთი დღე;
4. ჩრდილო ატლანტიკური საბჭო ხელახლა იკრიბება, რათა განიხილოს ქვეყნის გაწევრიანება;
5. შეთანხმების შემთხვევაში, მოკავშირეები ხელს აწერენ გაწევრიანების ოქმს და ქვეყანა ხდება ოფიციალურად მიწვეული, რაც მათ ნატოს შეხვედრების უმეტესობაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, მაგრამ ხმის მიცემის უფლება ისევ არ ეძლევათ;
6. ამის შემდეგ მოკავშირეებმა უნდა მოახდინონ წინადადების რატიფიცირება ეროვნული პროცედურების მიხედვით. ამ ნაბიჯს შეიძლება თვეები დასჭირდეს.
7. ქვეყანა ახორციელებს წინადადების რატიფიცირებას, მიმართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და ხდება ნატოს ოფიციალური წევრი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნატალია დროზდიაკი, ჯონ ფოლაინი და ქეთი პოხჯანპალო