LIVE

კიმ ჩენ ინი Covid-19-ის გავრცელების საპასუხოდ ჯარის მობილიზებას ახდენს

17 მაი 202210:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1097
კიმ ჩენ ინი Covid-19-ის გავრცელების საპასუხოდ ჯარის მობილიზებას ახდენს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყანაში Covid-19-ის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს.

სახელმწიფო მედია გამოცემა KCNA-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ყველა ქალაქში "ლოკდაუნი" გამოცხადდა, მხოლოდ შაბათს-კვირას "ცხელების" 392,920 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებას კიდევ რვა ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა KCNA გარდაცვალების მიზეზად Covid-19-ს არ ასახელებს. 

ახალი მონაცემების დამატების შედეგად, "ცხელების" შემთხვევების საერთო რაოდენობა 1.2 მილიონამდე გაიზარდა. მათგან 648,000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 50-მდე გაიზარდა. 

თუმცა, ბევრი ექსპერტი ოფიციალურ მონაცემებს სკეპტიკურად უყურებს. მათთვის დაუჯერებელია, რომ 25-მილიონიანი ქვეყანა ამ დრომდე Covid-19-ს გადაურჩა. 

KCNA-ის ინფორმაციით, გუშინ უმაღლესი თანამდებობის პირების საგანგებო შეხვედრაზე კიმმა თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ მოწოდებული მედიკამენტები ხალხს დროულად არ მიეწოდება. მან ოფიციალური პირები იმის გამო გააკრიტიკა, რომ კრიზისული მდგომარეობა სწორად ვერ გაიაზრეს. 

მან თავისი კაბინეტი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები უპასუხისმგებლო მუშაობისა და ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო გააკრიტიკა, ცენტრალური პროკურატურის დირექტორი კი "უსაქმურობასა და გულგრილობაში" დაადანაშაულა. 

შაბათ-კვირას, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ ცარიელი ქუჩების დეზინფექციის კადრები გაავრცელა. 

ასევე გავრცელდა ინტერვიუ ექიმთან, რომელიც კოვიდ პაციენტებს წამლებს, მათ შორის პარაცეტამოლსა და იბუპროფენს, ასევე, კორეულ ტრადიციულ სამკურნალო საშუალებას, ბალახებზე დამზადებულ Cheongsimhwan-ს ურჩევდა. 

ჩრდილოეთ კორეისთვის Covid-19-ის გავრცელება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ქვეყანაში განადგურებულია ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, არასაკმარისია ტესტების ჩასატარებელი მასალები და მოსახლეობად ძირითადად ვაქცინირებული არ არის. 

ჩრდილოეთ კორეას ჩართულია ვაქცინების გლობალური გაზიარების პროგრამა Covax-ში, თუმცა ქვეყანაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეტანის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიმდინარე წლის დასაწყისში Covax-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის გამოყოფილი დოზების რაოდენობა შეამცირა, რადგან ქვეყანამ ტვირთის გადაზიდვა ვერ უზრუნველყო.  

გაუმჭვირვალე სისტემიდან გამომდინარე, უცნობია, რა ვითარებაა ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების მხრივ. პანდემიის დაწყებიდან ჩრდილოეთ კორეაში Covid-19-ის შემთხვევა ოფიციალურად პირველად გასულ კვირას დადასტურდა

სამხრეთ კორეამ ფხენიანს დახმარება კორეათაშორისი ერთობლივი სამეკავშირეო ოფისის მეშვეობით შესთავაზა, თუმცა დახმარებაზე ქვეყნის პასუხი გაურკვეველია. 

”თუ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დათანხმდება, ჩვენ არ დავიშურებთ საჭირო დახმარებას, მათ შორის მედიკამენტებს, Covid-19-ის ვაქცინები, სამედიცინო აღჭურვილობასა და ჯანდაცვის პერსონალს", - თქვა სამხრეთ კორეის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა და აღნიშნა, რომ ეს არის ჰუმანიტარული შეთავაზება, მიუხედავად პოლიტიკური და სამხედრო მოსაზრებებისა.