LIVE

მდგრადი სოფლის მეურნეობა და მისი სარგებელი

13 მაი 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 185
მდგრადი სოფლის მეურნეობა და მისი სარგებელი

სოფლის მეურნეობა მსოფლიოს უდიდესი ინდუსტრიაა. სფეროში ერთ მილიარდზე მეტი ადამიანია დასაქმებული და გამოიმუშავებს 1.3 ტრილიონი დოლარის ღირებულების საკვებს ყოველწლიურად. ამ მიმართულებით საქართველოში სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 7%-ს იკავებს, როცა დასაქმების 38%-ს უზრუნველყოფს.

საქართველო აგრარული მრავალფეროვნებითა და ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგით გამოირჩევა, თუმცა, ინოვაციებისა და მდგრადი მიდგომების ნაკლებობის გამო დარგი ქვეყნის ნაკლებად კონკურენტუნარიან სექტორად მიიჩნევა.

მდგრადი სოფლის მეურნეობის მისაღწევად, ის უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი თაობის სტანდარტებს - იყენებდეს არაგანახლებად ენერგიას მაქსიმალურად ეფექტიანად, იცავდეს სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის პრინციპებს და ამავდროულად უზრუნველყოფდეს მომგებიანობას, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. მდგრადი სოფლის მეურნეობა ეყრდნობა 4 სვეტს: ხელმისაწვდომობას, გამოყენებადობას, სტაბილურობასა და ინოვაციებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)  მიხედვით, სოფლის მეურნეობაში მდგრადი პრაქტიკისა და ინოვაციების დანერგვით შესაძლებელია:

  • მოსავლის პროდუქტიულობის გაზრდა;
  • გარემოსდაცვითი რესურსები დაზოგვა და დაცვა;
  • ეკონომიკური ზრდისა და ადამიანების კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესება;
  • ეკოსისტემების მედეგობის ზრდა;
  • სამთავრობო დახმარების მიღება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მთავრობები ახალისებენ ინოვაციებისა და მდგრადი მიდგომების დანერგვას სოფლის მეურნოებაში.

აგრიკულტურაში ინოვაციების დანერგვის წყალობით XX საუკუნესთან შედარებით 150%-ით არის გაზრდილი სფეროს პროდუქტიულობა, მაშინ როცა წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ფართობი მხოლოდ 13%-ითაა გაზრდილი. მაგალითისთვის, კვლევების მიხედვით, ინოვაციური ინფრასტრუქტურის ინტეგრირებით 2030 წლისთვის შესაძლებელია სოფლის მეურნეობის წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში 500 მილიარდით გაიზარდოს, რაც მოსალოდნელ შედეგზე 9%-ით მეტია.

მდგრადი სოფლის მეურნეობა მიზნად ისახავს საკვების უსაფრთხოებას, ნიადაგის ნაყოფიერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, მწვანე პრინციპების დანერგვას წარმოებაში, არაგანახლებადი რესურსების შემცირებას, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას პასუხისმგებლიანი წარმოების შესახებ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის თანახმად, სოფლის მეურნეობას დიდი ადგილი უჭირავს სათბური აირების გამოყოფაში, რაც აჩქარებს კლიმატის ცვლილებას: სათბური აირების დაახლოებით 17% უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად გამოიყოფა, ხოლო დამატებით 7%-დან 14%-მდე მიწათსარგებლობის აქტივობებიდან. სოფლის მეურნეობა კლიმატის ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია - გვალვები და წყალდიდობები მეურნეობების დიდ ნაწილს ყოველწლიურად ანადგურებს და ძირს უთხრის მცირე ზომის ბიზნესის სტაბილურობას.

კვლევების მიხედვით, მდგრადი სოფლის მეურნეობა სხვადასხვა კლიმატური გამოწვევის მიმართ 30%-ით უფრო მედეგია, რაც ხელს უწყობს პროდუქციის სტაბილურობას.

დღეს სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად ეყრდნობა საწვავს, რაც არაგანახლებადი ენერგიაა. ერთადერთი გზა ამ გამოწვევის დასაძლევად არის ენერგოეფექტური ფერმერული სისტემების გამოყენება და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვა მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის. ამ სფეროში ყველაზე პერსპექტიული ნაბიჯებია:

  • მზის ენერგიით მომუშავე მაღალი ეფექტურობის საირიგაციო სისტემების დაყენება;
  • ბიო საწვავის ათვისება;
  • ბიომასის ენერგიის კონვერტაცია (კულტურებიდან და ორგანული ნარჩენებიდან);
  • ქარის/მზის ენერგიის ინსტალაცია ფერმერული საწარმოებისთვის.

სოფლის მეურნეობას გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. სურსათის უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, ვინაიდან მსოფლიო ბანკის მიხედვით 2050 წლისთვის 70%-ით მეტი სურსათი გახდება საჭირო, რისი უზრუნველყოფაც კონვენციური სოფლის მეურნეობისთვის შეუძლებელია.

სტატია მომზადებულია ნინო ლიპარტელიანის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“.

გამოგვყევით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის Facebook გვერდზე