LIVE

ეპოქის დასასრული: Apple iPod-ის წარმოებას წყვეტს

11 მაი 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1104
ეპოქის დასასრული: Apple iPod-ის წარმოებას წყვეტს
Bloomberg

Apple მუსიკალურ მოწყობილობა iPod Touch-ს აღარ გამოუშვებს, რაც ნიშნავს რომ კომპანია iPod-ის სერიის წარმოებას წყვეტს. ინოვაციური მოწყობილობა, რომელმაც მუსიკისა და ელექტრონიკის ინდუსტრია ოც წელზე მეტი ხნის წინ შეცვალა, არსებობას წყვეტს.

მოწყობილობა მაღაზიებში ხელმისაწვდომი მარაგის ამოწურვამდე იქნება. 

Apple-ის დამფუძნებელმა სტივ ჯობსმა პირველი iPod 2001 წელს წარადგინა. მოწყობილობას 1000 მუსიკალური ჩანაწერის შენახვა შეეძლო. წლების განმავლობაში კომპანიამ მუსიკის მოყვარულებს iPod-ის სხვადასხვა მოდელები, მათ შორის Nano და Shuffle შესთავაზა. სენსორული ეკრანის მქონე iPod Touch, რომელიც 2007 წელს გამოვიდა, iPod-ის ბოლო მოდელი აღმოჩნდა. 

Apple-მა iPod Touch ბოლოს 2019 წელს განაახლა. ის $199 ღირდა და iPhone-თან შედარებით დაბალი ფასის გამო, ბაზარზე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდა. 

iPod Touch შეიქმნა იმავე გუნდის მიერ, რომელმაც მოგვიანებით iPhone გამოიგონა. რევოლუციურმა მობილურმა ტელეფონმა iPod მალევე დაჩრდილა.

დღეს Apple-ის სტრიმინგის სერვისზე 90 მილიონზე მეტი სიმღერაა. მუსიკის მოსმენის არაერთი ალტერნატივის გამო, Apple პროდუქტის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

"ჩვენ გავაერთიანეთ წარმოუდგენელი მუსიკალური რესურსი ყველა ჩვენს პროდუქტში: iPhone-დან Apple Watch-სა და HomePod mini-მდე და Mac-ზე, iPad-სა და Apple TV-ზე", - თქვა Apple-ის გლობალური მარკეტინგის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა გრეგ ჯოსვიაკმა.

ანალიტიკოსებისთვის iPod-ის სერიის წარმოების შეწყვეტა მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ iPhone iPod-ს ჩაანაცვლებდა.

"როდესაც Apple-მა შექმნა iPhone, მან იცოდა, რომ ეს საბოლოოდ ნიშნავდა iPod-ის დასასრულის დასაწყისს", - ამბობს ტექნოლოგიური საკონსულტაციო ფირმის CCS Insight-ის მთავარი ანალიტიკოსი ბენ ვუდი.

სპეციალისტებისთვის iPod-ის გაყიდვების შემცირება პირდაპირ კავშირშია iPhone-ის გაყიდვების ზრდასთან.

სტივ ჯობსის მიერ iPod-ის წარდგენა Apple-ს დაეხმარა თითქმის გაკოტრებული კომპანია $3-ტრილიონიან გიგანტად ექცია. iPod-მა საფუძველი ჩაუყარა iPhone-ის, iPad-ისა და AirPods-ის განვითარებას. ეს არის პროდუქტები, რომლებიც ახლა Apple-ის შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი