LIVE

ევროკავშირი რუსული ნავთობის ტრანსპორტირების წინააღმდეგ სანქციების შერბილებას გეგმავს

10 მაი 202210:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
ევროკავშირი რუსული ნავთობის ტრანსპორტირების წინააღმდეგ სანქციების შერბილებას გეგმავს

ევროკავშირი რუსული ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შერბილებას გეგმავს. ბლოკი უარს იტყვის შეთავაზებულ აკრძალვაზე, რომელიც ევროკავშირის საკუთრებაში არსებული გემებით რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებას კრძალავს. კრიტიკულია, რომ დაზღვევის აკრძალვა ისევ განიხილება და მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს რუსული ნავთობის ექსპორტისთვის.

წინადადების გაუქმებაში ძირითადი როლი დიდი შვიდეულის ქვეყნებში ერთიანი პოზიციის ნაკლებობამ ითამაშა. საბერძნეთი, რომლის ეკონომიკა გადაზიდვებს ეყრდნობა იმ წევრ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც აკრძალვის უარყოფაზე იმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება კიდევ უფრო შეაფერხებდა მოსკოვის ექსპორტს, სასიცოცხლო წყაროს მყარი ვალუტისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბერძნები სიმძლავრის მიხედვით მსოფლიოს ნავთობ-ტანკერების მეოთხედზე მეტს ფლობენ.

თუმცა, ამჟამინდელი გეგმა ცხოვრებას მოსკოვისთვის მაინც მნიშვნელოვნად გაართულებს. დაზღვევის მიწოდებაზე შეზღუდვა გავრცელდება ნავთობის ტანკერების გლობალური ფლოტის დიდ უმრავლესობაზე, რომლებსაც ამჟამად რუსული ნავთობის ტრანსპორტირება სურთ.

ტანკერების კომპანიები საკუთარ გემებს რისკებისგან ერთობლივად აზღვევენ, მათ შორის ნავთობის დაღვრის რისკისგანაც. ეს ხდება ორგანიზაცია International Group-ის მეშვეობით, რომლისგანაც გემების მფლობელები ერთობლივად ყიდულობენ დაზღვევას 80-მდე გადამზღვევისაგან, სადაც მსოფლიოს 25 უმსხვილესი პროვაიდერიდან 20 შედის.

შესაბამისად, დაზღვევის აკრძალვა ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის ასეთი დაზღვევის მოპოვებას იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი გადამზღვეველი ევროპული კომპანიაა.

International Group-ის წევრები დაზღვევას ტანკერების ფლოტის 95%-ისთვის უზრუნველყოფენ. თუ ისინი ამას ვეღარ შეძლებენ, ეს აიძულებს მოსკოვს ან მის მყიდველებს მოიძიონ ალტერნატიული ვარიანტები მაშინ, როცა რუსეთი უკვე მძიმედ სანქცირებულია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების მეექვსე პაკეტს კვლავ განიხილავენ. დიპლომატები ცდილობენ გადალახონ უნგრეთის წინააღმდეგობა, რომელსაც ქვეყანა რუსული ნავთობის აკრძალვას უწევს. შაბათ-კვირის განმავლობაში ბლოკმა გარიგებას ვერ მიაღწია.

მის თავდაპირველ შეთავაზებაში EU რუსული ნავთობის ტრანსპორტირების, მათ შორის გემიდან გემზე ტრანსფერების აკრძალვას გეგმავდა. წინადადება ასევე მოიცავდა მესამე ქვეყნებში რუსეთიდან წამოსული ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების აკრძალვას. სანქციების ეს ნაწილი ბლოკში აღარ განიხილება.

ევროკავშირის აღმასრულებელი ნაწილი ასევე აყენებს წინადადებას ევროპულ კომპანიებს აეკრძალოთ მომსახურების გაწევა, რომელიც საჭიროა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს დებულება სანქციების პაკეტში, სავარაუდოდ, დარჩება.

ამჟამინდელი გეგმის თანახმად, აკრძალვა სრულად გაათავისუფლებს საქონელს, რომელიც არ არის რუსეთში მოპოვებული, მაშინაც კი, თუ ისინი ტრანზიტით გადიან ქვეყანაში. ეს სანქცირებისგან გაათავისუფლებს ნავთობს ყაზახეთიდან ან სხვა მესამე ქვეყნებიდან.

ევროკავშირის წინადადება ასევე მიზნად ისახავს ბლოკში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო გადამუშავებული საწვავის აკრძალვას იანვრის დასაწყისისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი