LIVE

უფასო ინტერნეტი დაბალშემოსავლიან ამერიკელებს - ბაიდენის გეგმა

09 მაი 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 520
უფასო ინტერნეტი დაბალშემოსავლიან ამერიკელებს - ბაიდენის გეგმა

ოცი ამერიკული ინტერნეტ პროვაიდერი შეთანხმდა, რომ გასულ წელს მიღებული ინფრასტრუქტურის კანონით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, მილიონობით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს თითქმის უფასოდ შესთავაზებს. აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამის შესახებ დღეს საჯაროდ განაცხადებენ. 

20 კომპანია, რომელთა სიაში შედის AT&T, Comcast და Verizon Communications, ამერიკულ ოჯახებს ინტერნეტის სიჩქარის წამში მინიმუმ 100 მეგაბიტამდე გაზრდას სთავაზობს. ოფიციალური პირების განმარტებით, ხელმისაწვდომი დაკავშირების პროგრამის" ფარგლებში, კომპანიების ნაწილი მოსახლეობას ინტერნეტზე ფასდაკლებას სთავაზობს, ნაწილი კი ინტერნეტის ხარისხს აუმჯობესებს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზემოხსენებული პროვაიდერები აშშ-ის მოსახლეობის 80%-ს, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 50%-ს ფარავენ. 

"ხელმისაწვდომი დაკავშირების პროგრამა" 1300-მდე პროვაიდერს მოიცავს და ბენეფიციარებს $30-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მასში უკვე ჩართულია დაახლოებით 11,5 მილიონი ოჯახი. პროგრამით სარგებლობა სულ 48 მილიონ ოჯახს შეუძლია. 

აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის ოჯახის შემოსავალი უნდა იყოს გარკვეულ ზღვარს ქვემოთ ან უნდა სარგებლობდეს აშშ-ის დახმარების რომელიმე პროგრამით, მათ შორის დამატებითი კვების დახმარების პროგრამით, სამედიცინო ან სკოლის უფასო ლანჩის პროგრამით. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი