LIVE

პუტინი: რუსეთი უკრაინაში იბრძვის ისე, როგორც მე-2 მსოფლიო ომში იბრძოდა

09 მაი 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1223
პუტინი: რუსეთი უკრაინაში იბრძვის ისე, როგორც მე-2 მსოფლიო ომში იბრძოდა
TASS

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლას შეადარა.  

"დღეს თქვენ იცავთ იმას, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი მამები, ბაბუები და დიდი ბაბუები. თქვენ იბრძვით სამშობლოსთვის, მომავლისთვის, რათა არავინ დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რათა არ დარჩეს სივრცე ჯალათებისთვის და ნაცისტებისთვის", - თქვა პუტინმა 9 მაისის გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმის წინ სიტყვით გამოსვლისას. 

რუსეთში წელს გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა 11,000 ჯარისკაცი და სამხედრო იარაღი: მათ შორის ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ატომური რაკეტების მტყორცნელები. საინფორმაციო სააგენტო Tass კრემლის სპიკერზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით დაგეგმილი გადაფრენა მოღრუბლული ამინდის გამო გაუქმდა. რუსეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში დღეს ნაწილობრივ მოღრუბლული იყო. 

"ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ქვეყნის სიყვარულზე, რწმენაზე, ტრადიციულ ფასეულობებზე, წინაპრების წეს-ჩვეულებებსა და ყველა ერისა და კულტურის პატივისცემაზე. რაც შეეხება დასავლეთს, როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს გააუქმოს ეს ათასწლოვანი ღირებულებები", - თქვა პუტინმა.

მოსკოვში წლევანდელი აღლუმი გასულ წლებთან შედარებით, ნაკლებად მასშტაბურია. კრემლმა წელს ღონისძიებაზე უცხოელი ლიდერები არ მიიწვია. 2005 წელს, როდესაც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 60 წლისთავი იზეიმა, მას 50-ზე მეტი უცხოელი ლიდერი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო ესწრებოდნენ. 

ზოგიერთი დასავლელი ლიდერი ვარაუდობდა, რომ პუტინი 9 მაისს უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებს ოფიციალურად უწოდებდა ომს. კრემლი ამ დრომდე აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყანაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" აწარმოებს. 

10 კვირაზე მეტია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გრძელდება. ჯერჯერობით ერთადერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ტრიუმფი, რომელიც პუტინმა მოიპოვა, სამხრეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლის ჯერ კიდევ არასრული დაცემაა. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქზე ალყასა და დაბომბვას, მინიმუმ 20,000 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე წინააღმდეგობას გაწევას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია