
აუდიტის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ხელი არ მიუწვდება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე, კერძოდ, კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. განათლების სამინისტრო კი ასეთი მოსწავლეების რაოდენობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყოფილი იყო საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვა. დოკუმენტის თანახმად, 2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით, საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში. ცენტრმა 2017 წლიდან დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული უნარების განსავითარებლად. მიუხედავად ამისა, პანდემიამდე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში 15,000 პედაგოგი იყო გადამზადებული, რაც მასწავლებელთა 27%-ია.
აუდიტის ინფორმაციით, დისტანციური სწავლების განსახორციელებლად განათლების სამინისტრომ ერთ-ერთ საშუალებად პლატფორმა Microsoft Teams-ი გამოიყენა, რომლის ლიცენზიების შესყიდვა 2019 წელს დაიწყო. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაბალი იყო მოსწავლეების მიერ ბონუს ლიცენზიების ათვისების მაჩვენებელი - 42%, ხოლო მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ აუთვისებელი იყო ფასიანი ლიცენზიების 17,5% და 10%. ლიცენზიების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის, გააქტიურების გეგმისა და მონიტორინგის მექანიზმების ნაკლებობის პირობებში იქმნება რესურსის არაპროდუქტიულად გამოყენების რისკები.
დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ფორმად გამოყენებულ იქნა საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით ტელეგაკვეთილების ჩატარებას. აუდიტის ინფორმაციით, ტელესკოლის გაკვეთილები სრულად არ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა სავალდებულო საგანს. შესაბამისად, ის მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ ტელესკოლით იღებენ განათლებას, კონკრეტულ საგნებში, შესაძლოა, დარჩნენ საგაკვეთილო პროცესის მიღმა.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები, რათა მომავალმა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს განათლების სისტემას. ამასთანავე, არ არის დანერგილი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის გრძელვადიანი ეფექტებისა და დისტანციური სწავლების შედეგების პოტენციური გავლენის შეფასებას განათლების სისტემაზე. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან ჩანს, რომ პანდემიის მოკლევადიანი ეფექტები ნეგატიურად აისახა მოსწავლეთა შედეგებზე.
მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“. აუდიტმა აჩვენა, რომ ისინი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. ცენტრის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში 309 მასწავლებლის ვაკანსია ვერ შეივსო სხვადასხვა მიზეზით. არსებობს რისკი, რომ აღნიშნული დეფიციტის გავლენით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15,000-მა მოსწავლემ.