LIVE

WHO რუსეთში ევროპული ოფისის დახურვას აპირებს - Reuters

05 მაი 202223:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 637
WHO რუსეთში ევროპული ოფისის დახურვას აპირებს - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) ქვეყნები მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას განიხილავენ. შესაძლოა დაიხუროს მოსკოვში მთავარი რეგიონული ოფისი.

სამი დიპლომატიური და პოლიტიკური წყაროს ცნობით, რეზოლუცია ითვალისწინებს უფრო მკაცრ სანქციებს, როგორიცაა რუსეთის გარიცხვა გაეროს ჯანდაცვის გლობალური სააგენტოს გამგეობიდან და ხმის უფლების დროებით შეჩერება.

პროექტი, რომელიც ძირითადად ევროკავშირის დიპლომატებმა მოამზადეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს წარუდგინეს, მოჰყვა უკრაინის მოთხოვნას, რომელსაც ხელს აწერს სულ მცირე 38 წევრი, მათ შორის თურქეთი, საფრანგეთი და გერმანია.

რეზოლუციის ტექსტი ეხება უკრაინაში ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას და გმობს რუსეთის სამხედრო ქმედებებს, რომლებსაც მოჰყვა მასობრივი მსხვერპლი, ჯანდაცვის სერვისების შეფერხება, ქრონიკული დაავადებებისგან სიკვდილის რისკი, ინფექციური დაავადებების და რადიოლოგიური და ქიმიური მოვლენების რისკი უკრაინაში, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

რეზოლუცია მოუწოდებს WHO-ს რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს, შეისწავლოს ორგანიზაციის არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის “შესაძლო გადატანა” რუსეთის ფარგლებს გარეთ. რეზოლუცია არ ითვალისწინებს ქვეყნის ოფისის დახურვას, რომელიც დაარსდა 1998 წელს.

რეზოლუცია რუსეთში ყველა შეხვედრის შესაძლო შეჩერებას მოითხოვს. იგი ავალებს WHO-ს ხელმძღვანელს, მოამზადოს მოხსენება უკრაინის ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეისთვის (WHA). 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, 10 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება. სავარაუდოდ, სხდომას რუსეთიც დაესწრება.