LIVE

შვეიცარიაში ევროკავშირის სასაზღვრო პოლიციის დაფინანსების გაფართოებას მზარდი მხარდაჭერა აქვს

08 მაი 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 657
შვეიცარიაში ევროკავშირის სასაზღვრო პოლიციის დაფინანსების გაფართოებას მზარდი მხარდაჭერა აქვს

შვეიცარიელების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) გაფართოებას, იზრდება. გამოკითხვა ეროვნულმა მაუწყებელმა SRG-მ ჩაატარა.

გამოკითხულთა 69%-ს სურს Frontex-ის დაფინანსება გაიზარდოს. მარტში ანალოგიურ გამოკითხვაში ეს რიცხვი 63%-ს აღემატებოდა. ამავდროულად, მოწინააღმდეგეების რაოდენობა, რომელიც მარტში 29%-ს შეადგენდა, აპრილში 25%-მდე შემცირდა. 6% ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. რეფერენდუმი 15 მაისს ჩატარდება.

გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ სკეპტიციზმი შემცირდა იმ ადამიანებში, რომლებიც მთავრობას უნდობლობას უცხადებენ. ასეთი ინდივიდების 60% ახლა მხარს უჭერს Frontex-ის გაფართოებას, რაც არსებულ უმრავლესობას კიდევ უფრო აძლიერებს.

შვეიცარიის მთავრობა და პარლამენტი ასევე მხარს უჭერენ ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან 10-წლიანი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც შენგენის ქვეყნებს საზღვრების კონტროლში ეხმარება.

გაფართოების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ რადგან შვეიცარია Frontex-ის კონტრიბუტორია, ის ნაწილობრივ პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომელიც სააგენტოს მიერ ევროპის საგარეო საზღვრებთან ფიქსირდება.

გაფართოების შედეგად, Frontex მიიღებს მეტ დაფინანსებას და ახალ მოვალეობებს, როგორიცაა იმ მიგრანტების უკან დაბრუნება, რომლებსაც შენგენის ზონის დატოვება მოეთხოვებათ. შვეიცარიის კონტრიბუცია სააგენტოში 2027 წლამდე ეტაპობრივად $66 მილიონამდე გაიზრდება, ეს თანხა გასულ წელს 24 მილიონ ფრანკს შეადგენდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალეგრა კატელი