LIVE

ბაერბოკი: რუსეთზე სანქციები მხოლოდ ჯარის გაყვანის შემდეგ მოიხსნება

02 მაი 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
ბაერბოკი: რუსეთზე სანქციები მხოლოდ ჯარის გაყვანის შემდეგ მოიხსნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიას, მათ შორის, დონბასის რეგიონს და ყირიმს დატოვებს. 

"მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია ყველა დაწესებული სანქცია, საჭიროების შემთხვევაში, წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ. ამ სანქციებს მხოლოდ მას შემდეგ გავაუქმებთ, რაც რუსული ჯარები გავლენ", - განუცხადა ბაერბოკმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

მინისტრი არ იზიარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებამ ბირთვული ომის რისკი გაზარდა და Gepard-ის 50 საზენიტო თვითმავალი დანადგარის მიწოდების გეგმა დაიცვა.

"ეს არის ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია", - თქვა ბაერბოკმა და განაცხადა, რომ გერმანია მოკავშირეებთან ერთად მოემზადება შემდგომი ნაბიჯებისთვის, რათა რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, აგრესიული ომის წარმოება ვეღარ შეძლოს.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მძიმე იარაღის გაგზავნა ბირთვული ომის რისკს გაზრდიდა. მოგვიანებით მან ტაქტიკა შეცვალა და უკრაინისათვის საზენიტო თვითმავალი დანადგარის Gepard-ის მიწოდება დაამტკიცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არნე დელფსი