LIVE

უკრაინის საბანკო სისტემის სასწაული - როგორ აგრძელებენ ბანკები მუშაობას ომის დროს

01 მაი 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1239
უკრაინის საბანკო სისტემის სასწაული - როგორ აგრძელებენ ბანკები მუშაობას ომის დროს

როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა, ექსპერტები შიშობდნენ, რომ სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში უკრაინის საბანკო სისტემა ჩამოინგრეოდა. თუმცა, საბანკო სექტორმა საპირისპირო დაამტკიცა და რუსეთთან მიმდინარე 2-თვიანი ომის პერიოდში ისევ ფუნქციონირებს.

არაკომერციული CASE Ukraine ანალიტიკური ცენტრის ექსპერტის, ევჰენ დუბოგრიზის მიხედვით, ბანკებს ლიკვიდურობის პრობლემები არ აქვთ. 69 ბანკიდან მხოლოდ 4-ია ლიკვიდურობის ძლიერი რისკების წინაშე, ხოლო 3-ს ოდნავ უფრო მაღალი რისკები აქვთ, რადგან მათი პორტფელი ძირითადად ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში საცალო დაკრედიტებაზე ან ოპერაციებზე ფოკუსირდება.

მომავალი 6 თვის განმავლობაში ამ ასპექტში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

უკრაინის "საბანკო სასწაულში" გადამწყვეტი როლი ორმა ძირითადმა ფაქტორმა ითამაშა - ცენტრალური ბანკის ეფექტურმა პოლიტიკამ და სისტემის წმენდამ 2014 წლის კრიზისის შემდეგ, რომელიც ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციით და დონბასში შეჭრით იყო გამოწვეული.

ლიკვიდირდა თითქმის 100-მდე გადახდისუუნარო ბანკი, ხოლო ზოგი მათგანის ნაციონალიზაცია მოხდა. ნაციონალიზებულთა რიცხვში შევიდა ქვეყნის უმსხვილესი ბანკი PrivatBank-ი, რომელსაც მანამდე ოლიგარქები იჰორ კოლომოისკი და ჰენადი ბოჰოლიუბოვი ფლობდნენ.

უკრაინის საბანკო სექტორს ასევე დაეხმარა Covid-19-ის პანდემიაც, რამაც გაციფრულებისა და დისტანციური მუშაობის პროცესი დააჩქარა.

ამასთან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ქვეყნის ეროვნულ ბანკს ჰქონდა მოქმედების კონკრეტული გეგმა. ბანკმა სასწრაფოდ გაყინა ეროვნული ვალუტის კურსი. მან ასევე აკრძალა ინდივიდებზე უცხოური ვალუტის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა. სწრაფმა რეფინანსირებამ და უცხოური ვალუტის გაცვლის აკრძალვამ გრივნაზე ზეწოლა შეამსუბუქა.

14 აპრილს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ეს შეზღუდვა მოხსნა. ნაბიჯის მიზანი არალეგალური გაცვლითი პუნქტების რაოდენობის შემცირება და მოქალაქეებისთვის გაცვლის ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 

ეროვნულმა ბანკმა ასევე დიდი ზეწოლა მოახდინა ბანკებზე უნაღდო ანგარიშსწორებით ფუნქციონირებაზე გადასასვლელად, რამაც გამორიცხა რიგი რისკები ბანკის შენობაზე თავდასხმის ჩათვლით.

თუმცა, რა თქმა უნდა, სიტუაცია იდეალურისგან შორსაა და ომის პროგრესირებასთან ერთად რთულდება.

უკრაინის მეწარმეთა კავშირის მონაცემებით, ბიზნესების 70%-მა უკვე შეწყვიტა ფუნქციონირება. ამან მკვეთრად გაზარდა უმოქმედო სესხების დონე. ამჟამად, სესხებზე გადაუხდელობები სხვადასხვა ბანკში 40%-დან 80%-მდე მერყეობს.

მეორე მხრივ, შემოსავლები მკვეთრად შემცირების ფონზე, ბანკებმა ბიზნესის დაკრედიტების შემცირება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ 17 მარტს 5-7-9%-იანი დაკრედიტების პროგრამის ფარგლებში $2 მილიონამდე ბიზნეს სესხებზე 0%-იანი საპროცენტო განაკვეთი გამოაცხადა, მცირე და საშუალო საწარმოები სესხების ვერ აღების შესახებ მასობრივად ჩივიან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ბანკმა ფიზიკური პირებისა და ბიზნესებისთვის გადახდები შეაჩერა, კანონი კი ნებისმიერ ჯარიმას კრძალავს, ბანკების გაკოტრების ზღვარზე ყოფნის რისკი მაინც მაღალია.