LIVE

პირველ კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა 1,4%-ით შემცირდა

28 აპრ 202219:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 636
პირველ კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა 1,4%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში შეერთებული შტატების ეკონომიკა შემცირდა. ეს პირველი შემცირებაა 2020 წელს კოვიდ პანდემიით გამოწვეული რეცესიის შემდეგ და უპირატესად მზარდ სავაჭრო დეფიციტს უკავშირდება. შემცირდა სამთავრობო ხარჯვაც, რაც ეკონომიკაზე ასევე ნეგატიურად აისახა. თუმცა, ქვეყანაში ძლიერი სამომხმარებლო და ბიზნეს მოთხოვნა ფიქსირდება.

კომერციის დეპარტამენტის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ბოლოს 6,9%-იანი ზრდის შემდეგ, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 1,4%-ით შემცირდა. Bloomberg-ის ეკონომისტთა გამოკითხვის საშუალო პროგნოზი 1%-იანი ზრდა იყო. 

დაჩქარებული ინფლაციის ფონზე მაჩვენებლები, სავარაუდოდ, აშშ-ის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის არსებულ კურსს შეინარჩუნებს, რომელიც საპროცენტო განაკვეთების ნახევარი პუნქტით გაზრდაზეა ორიენტირებული.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკოსები, სავარაუდოდ, მშპ-ს ვარდნას მისი პოლიტიკის არაეფექტურობის დემონსტრირებისთვის გამოიყენებენ. ბაიდენის რეიტინგი გამოკითხვებში უკვე შემცირებულია.

აშშ-ს ეკონომიკისთვის სხვა პოტენციური წინააღმდეგობები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგებს და ევროპის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების შემცირებას მოიცავს. ასევე, სავარაუდო გავლენა ექნება ნედლეულის დეფიციტს და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებსაც. რისკის წინაშეა სავაჭრო ნაკადებიც, რადგან ჩინეთის მკაცრი Covid-19-ის პოლიტიკა და ლოკდაუნები ქვეყნის პორტებში აქტივობას ამცირებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილივია როკმანი