LIVE

ევროკავშირი უკრაინულ საქონელზე საექსპორტო ტარიფების გაუქმებას განიხილავს

27 აპრ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 495
ევროკავშირი უკრაინულ საქონელზე საექსპორტო ტარიფების გაუქმებას განიხილავს

ევროკავშირი უკრაინის ექსპორტზე ყველა დარჩენილი ტარიფისა და კვოტების მოხსნას განიხილავს. მიზანი ომით განადგურებული ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებაა. შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გამოცხადდეს.

უკრაინასა და ევროკავშირს 2016 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვთ, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბარიერების უმეტესობა აღმოფხვრა. ამ შეთანხმების თანახმად, გარკვეული ტარიფები და კვოტები რამდენიმე კატეგორიის საქონელზე ეტაპობრივად უნდა გაუქმდეს, ხოლო ზოგი საერთოდ არ არის შესული შეთანხმებაში. EU ახლა ამ შეზღუდვების დროებით მოხსნის ინიციატივით გამოდის.

ნებისმიერმა წინადადებამ ძალაში შესვლამდე 27-ვე წევრი სახელმწიფოს და ევროპარლამენტის თანხმობა უნდა მიიღოს. დიდმა ბრიტანეთმა კვირის დასაწყისში ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინულ საქონელზე ტარიფებს ნულამდე დაიყვანდა.

ევროკავშირი უკრაინის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და 2019 წელს ქვეყნის ვაჭრობის 40%-ზე მეტს შეადგენდა. ამავე წელს ევროკავშირსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ $46 მილიარდს მიაღწია, უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტი $19.1 მილიარდს შეადგენდა.

რკინა, ფოლადი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები უკრაინის ძირითად საექსპორტო საქონელს შორისაა. "მსოფლიო ბანკის" მიხედვით, უკრაინის ეკონომიკა ომის შედეგად 40%-ზე მეტად შემცირდება, განსაკუთრებით კი სავაჭრო ნაკადი დაზიანდება, რადგან რუსეთი ქვეყნის პორტებს ბლოკავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტი ნარდელი