
კოვიდ-19-ით გამოწვეულ პირველად ეფექტებთან გასამკლავებლად და მწვანე განახლების ხელშესაწყობად აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2021 წელს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს $22.8 გამოუყო.
გამოყოფილი თანხა მოიცავს სესხებსა და გარანტიებს, გრანტებს, კაპიტალდაბანდებებს და ტექნიკურ დახმარებებს მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის. ფინანსური რესურსების 59%, ანუ $13.5 მილიარდი პანდემიის საპასუხოდ იყო მიმართული.
„ბანკის პანდემიის საპასუხო პაკეტმა მოიცვა $4.9 მილიარდის ოდენობის სწრაფი საბიუჯეტო დახმარება მთავრობებისთვის სტრუქტურული რეფორმებისა და ვალის მდგრადობის შესანარჩუნებლად. დაფინანსებიდან $4.6 მილიარდი საბიუჯეტო სესხია, $250 მილიონი კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ოპცია.
პანდემიის საპასუხოდ ADB-მა წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის ასევე გამოყო $4.1 მილიარდი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შეძენისა და მიწოდებისთვის, ხოლო $3.3 მილიარდი კერძო სექტორისთვის, ბიზნესებისა და ვაჭრობის შესანარჩუნებლად და სამედიცინო პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით. კოვიდ-19-ის დახმარებისა და გაჯანსაღების გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო ცოდნის პროდუქტების ფართო სპექტრიც“,- ნათქვამია ADB-ის 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში.
ADB-ის პრეზიდენტის, მასაცუგუ ასაკავას განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სტაბილურმა დახმარებამ საფუძველი ჩაუყარა მრავალმხრივ, მდგრად და მწვანე განახლებას და სტრატეგია 2030-ის მიზნებისაკენ მიმართულ პროგრესს.
„კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ან დავმარცხდებით აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. წარმატებისთვის ჩვენს რეგიონს ჭირდება დაჩქარებული ნაბიჯები ნახშირბადის დაბალი გამოყოფისკენ“,- აღნიშნა ასაკავამ.
ახალი, გაზრდილი ამბიციის ხელშესაწყობად, რაც 2030 წლამდე ჯამური კლიმატური დაფინანსების $100 მილიარდამდე გაზრდას ითვალისწინებს, ბანკმა ფინანსური ინიციატივების სერია გამოაცხადა, რეგიონის ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მიმართულებით განვითარების ხელშესაწყობად. მაგალითად, ADB-იმ შექმნა ენერგეტიკის გარდამავალი მექანიზმი, რომელიც ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენს კერძო და საჯარო ინვესტიციებისთვის, რათა დაფინანსდეს ნახშირზე მომუშავე აქტივების ვადაზე ადრე დახურვა, სუფთა და განახლებადი ენერგიების გაძლიერება და სამართლიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი ტრანზიცია.
„ADB-ის მიერ 2021 წელს გაღებული ყველა დახმარება შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც კონკრეტულად ქალებსა და გოგონებს მისცემს სარგებელს. ბანკმა ასევე გაზარდა ძალისხმევა მთავრობების დასახმარებლად სახელმწიფო ფინანსური რესურსების მობილიზებაში, რაც აუცილებელია მდგრადი განვითარებისთვის, მათ შორისაა აზია-წყნარი ოკეანის საგადასახადო ჰაბის შექმნა, რეგიონის მასშტაბით საგადასახადო და მასთან დაკავშირებული რეფორმების ხელშეწყობის მიზნით.
ADB-ის 2021 წელს აღებული ვალდებულებები დაფინანსებული იყო მისი სიდიდით მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში, რაც კაპიტალური ბაზრების დახმარებით $35.8 მილიარდით გაიზარდა. ADB-იმ გასულ წელს რეკორდულად დიდი მოცულობის თემატური ფასიანი ქაღალდი გაყიდა, გამოუშვა განათლების ობლიგაციები და პირველად გამოსცა ლურჯი ობლიგაციები ოკეანეების სიჯანსაღისთვის",- აღნიშნულია ანგარიშში.