LIVE

შმიჰალი: უკრაინაში ომისგან განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა $600 მლრდ დაჯდება

22 აპრ 202213:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 764
შმიჰალი: უკრაინაში ომისგან განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა $600 მლრდ დაჯდება

უკრაინაში რუსეთის ომით განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა $600 მილიარდი დაჯდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების დროს განაცხადა. მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებს აღდგენაში დახმარება სთხოვა. 

დენის შმიჰალის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში, უკრაინას თვეში $4-5 მილიარდამდე დაფინანსება სჭირდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინას დასჭირდება აღდგენის ისეთი სტრატეგია, როგორიც მარშლის გეგმა იყო ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადებით, ომის შედეგად უკრაინის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ფიზიკურმა დაზიანებამ დაახლოებით $60 მილიარდს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. 

მსოფლიო ბანკის გათვლები არ ითვალისწინებს უკრაინისთვის ომის მზარდ ეკონომიკურ შედეგებს. 

"რა თქმა უნდა, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ ხარჯები იზრდება", - თქვა მალპასმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციაზე ვირტუალურ მიმართვაში გაცილებით დიდი ხარჯები და დაფინანსების საჭიროებები წარადგინა. მან მონაწილეებს განუცხადა, რომ უკრაინას თვეში $7 მილიარდი ესაჭიროება, რათა ანაზღაურდეს მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.

"ჩვენ დაგვჭირდება ასობით მილიარდი დოლარი ამ ყველაფრის მოგვიანებით აღსადგენად", - თქვა ზელენსკიმ.

კონფერენციას მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყო აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავის პირდაპირ არასამხედრო დახმარებას $1 მილიარდამდე გაზრდის. 

პრესკონფერენციაზე იელენმა თქვა, რომ რუსეთმა უნდა აანაზღაუროს უკრაინის აღდგენის ხარჯები.

დენის შმიჰალის თქმით, უკრაინის მშპ შეიძლება 30%-დან 50%-მდე შემცირდეს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს უკრაინის ეკონომიკა $155,5 მილიარდი იყო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია