LIVE

უკრაინა რუსული გაზის Nord Stream 1-ით გატარების შეწყვეტას ლობირებს

23 აპრ 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 624
უკრაინა რუსული გაზის Nord Stream 1-ით გატარების შეწყვეტას ლობირებს
REUTERS/Hannibal Hanschke

უკრაინა ცდილობს დაარწმუნოს დასავლელი მოკავშირეები, უარი თქვან რუსული ბუნებრივი აირის Nord Stream 1-ის გავლით მიღებაზე, უკრაინული გაზსადენის სასარგებლოდ.

ეს ხელს შეუწყობს კიევის ბერკეტების გაძლიერებას, იუწყება Reuters-ი ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ევროპის არჩევანი უკრაინული გაზსადენის სასარგებლოდ, აიძულებს რუსეთს, მეტი გაზი გაატაროს სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ერთი მხრივ, გაზრდის სატრანზიტო გადასახადის მოცულობას და მეორე მხრივ, ერთგვარ გარანტიადაც იქცევა იმისთვის, რომ უკრაინაზე გამავალი მილსადენები არ დაზიანდეს.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული გაზსადენის ოპერატორისა და გაზის კომპანიის Naftogaz-ის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში ერთი კვირა გაატარეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და კონგრესის კანონმდებლებთან მოლაპარაკებაზე, რათა დაერწმუნებინათ მოკავშირეები, შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა.

რუსეთი ჩვენზეა დამოკიდებული ევროპაში გაზის ტრანსპორტირების ნაწილში. ეს არის ის, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ მათთან დისკუსიებში და ევროპას შეუძლია ამაში დაგვეხმაროს”, - აცხადებს ოლგა ბელკოვა, უკრაინის გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ Nord Stream 1-ის გაზსადენის მიწოდების გადამისამართება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს გერმანიისთვის და დანარჩენი ევროპისთვის.

ეს არ უწყობს ხელს ევროპისთვის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებას”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ გოლდვინმა.

ამჟამად რუსეთი Nord Stream 1-ის გავლით გერმანიაში წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ახორციელებს. დამატებით 40 მილიარდი კუბური მეტრი ევროპაში ტრანზიტით მიედინება უკრაინის გაზის გადამცემი სისტემის გავლით, რისთვისაც რუსეთი უკრაინას ტრანზიტის საფასურს დოლარში უხდის.

ამასთან, უკრაინულ GTS-ს 100 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გატარება შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად ჩაანაცვლებს Nord Stream 1-ის გამტარუნარიანობას.

Naftogaz-ის მრჩეველი, დანიელ ვაიდიჩი აღნიშნავს, რომ Nord Stream-1-ში მიმდინარე გაზის უკრაინულ სისტემაზე გადამისამართება “კიევს მოსკოვზე ზეგავლენის მეტ ბერკეტს გაუჩენს და კრემლს დაანახებს, რომ ევროპა უსაფრთხოებას უკრაინასთან აკავშირებს”.

ამ დროისთვის ოფიციალურ დონეზე განიხილება Nord Stream 1-ის სიმძლავრის 40%-ის დაუყოვნებლივ გადამისამართება უკრაინულ გაზსადენზე, რაც 2023 წლის აპრილისთვის ეტაპობრივად 100%-მდე გაიზრდება. ეს ევროკავშირის ქვეყნებს აძლევს დროს ზამთრის მარაგების შესაქმნელად და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.