LIVE

Tesla-მ პირველ კვარტალში რეკორდული $3.3 მილიარდის მოგება მიიღო

21 აპრ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 475
Tesla-მ პირველ კვარტალში რეკორდული $3.3 მილიარდის მოგება მიიღო

Tesla-ს პირველი კვარტლის შედეგები მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა, რაც ელექტრომობილებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. კომპანიის დირექტორი, ილონ მასკი ვარაუდობს, რომ მიუხედავად მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა, წარმოება წლის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება.

Tesla, პირველი მსხვილი ამერიკული ავტომწარმოებელი, რომელმაც პირველი სამი თვის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, კომპანიამ პირველ კვარტალში $3.3 მილიარდის მოგება მიიღო. კომპანია ასევე აცხადებს, რომ წარმოება დეფიციტის გამო კვლავ შეზღუდულია, ხოლო მაღალი ფასები ძირითად კომპონენტებზე ავტომწარმოებლებს ისევ აფერხებს.

თუმცა, ელექტროავტომობილების კომპანიის დირექტორი ილონ მასკი ამბობს, რომ Tesla წლის პირველ ნახევარში შეძლებს წარმოების დეფიციტის შევსებას. მისი თქმით, კომპანიამ წარმოება მიმდინარე წელს 1.5 მილიონ ავტომობილამდე უნდა გაზარდოს. 2021 წელს Tesla-მ მომხმარებელს 936,000 ავტომობილი მიაწოდა.

ტეხასის შტატში დაფუძნებულმა კომპანიამ პირველი სამი თვის განმავლობაში ძლიერი ზრდა დააფიქსირა, როგორიც მოგების, ისე შემოსავლის კუთხით. მათ შორის მარეგულირებელი კრედიტების გაყიდვაში, რომელმაც $679 მილიონი შეადგინა - ორჯერ მეტი ვიდრე წინა კვარტალში.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla ჯერჯერობით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტო კომპანიაა $1 ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, კომპანიის აქციები მიმდინარე წელს 7.5%-ით დაეცა. აქციების ვარდნა ძირითადი ნაწილების გლობალურ დეფიციტს უკავშირდება. თუმცა, კომპანია ნაწილების ნაკლებობას უკეთ გაუმკლავდა, ვიდრე მისი უფრო დიდი კონკურენტები, რომელთა აქციები 29%-მდე დაეცა.

ავტომწარმოებლის განცხადებით, მასკის კომპანიის მთლიანმა მოგებამ თითო აქციაზე $3.22 შეადგინა. შედეგი აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც აქციაზე საშუალოდ $2.27-ს ვარაუდობდნენ. კომპანიის შემოსავალი $18.8 მილიარდამდე გაიზარდა, ეს შედარებით $17.9 მილიარდთან, რომელსაც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანა ჰალი