LIVE

დანია ევროპის დასახმარებლად ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

19 აპრ 202216:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 580
დანია ევროპის დასახმარებლად ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

დანია ბუნებრივი აირის წარმოების დროებით გაზარდა სურს, რათა ევროპას რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს.

ქვეყანა წარმოების გაზრდის მიზნით ადმინისტრაციულ პროცესს დააჩქარებს. პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, დანია ასევე შეასრულებს მის მიზანს ნავთობისა და გაზის წარმოების დასრულების შესახებ, რომელიც 2050 წლისთვის იგეგმება.

დანია ევროკავშირის მერვე უმსხვილესი ბუნებრივი აირის მწარმოებელია. თუმცა, ქვეყნის გამომუშავება მკვეთრად შემცირდა ჩრდილოეთის ზღვის უდიდეს საბადოზე განახლების სამუშაოების გამო. მომავალი წლისთვის წარმოება გაიზრდება, რაც დანიის მოთხოვნას ბუნებრივ აირზე სრულად დააკმაყოფილებს და არა მარტო. პრემიერის განცხადების მიხედვით, ქვეყანას კიდევ უფრო მეტად სურს წარმოების გაზრდა, რათა დანარჩენ ევროპას რუსულ გაზზე უარის თქმაში დაეხმაროს.

რამდენიმე სხვა ქვეყანა, მათ შორის გერმანია, ლატვია, ესტონეთი, საბერძნეთი და იტალია, ასევე ცდილობენ განავითარონ თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ახალი ტერმინალები, რისი მიზანიც ასევე რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაა. რამდენიმე ევროპელი მყიდველი ბოლო დროს აშშ-ს თხევადი ბუნებრივი აირის კომპანიებსაც შეხვდა.

ქვეყნის მთავრობა ასევე გეგმავს მზისა და ქარის ენერგიის წარმოების გაოთხმაგებას 2030 წლისთვის, რათა მწვანე ენერგიაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს. მთავრობა ასევე დაასუბსიდირებს შინამეურნეობების მიერ გათბობის სისტემების შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის გამოყენებაში მხოლოდ მწვანე ბუნებრივი აირი იქნება.

დანიის ენერგეტიკის სააგენტომ სექტემბერში შეაფასა, რომ ბუნებრივი აირის წარმოება 2021 წელს დაახლოებით დღეში 14,000 ბარელი ნავთობის ეკვივალენტი იქნებოდა, ანუ 23%-ით ნაკლები, ვიდრე ადრე მოსალოდნელი იყო. სააგენტომ ასევე ივარაუდა, რომ წარმოება 2025 წლისთვის 2021 წლის დონიდან 247%-ით გაიზრდებოდა.

დანიის მთავრობას ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა მოცულობით გაიზრდება ბუნებრივი აირის წარმოება ახალი ინიციატივის გათვალისწინებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტიან ვაინბერგი