LIVE

კალაძე: სანამ ქალაქის მერი ვარ, უკანონო მშენებლობას არ დავუშვებ

18 აპრ 202215:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
კალაძე: სანამ ქალაქის მერი ვარ, უკანონო მშენებლობას არ დავუშვებ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობებს არ დაუშვებს. კახა კალაძის განმარტებით, მსგავს ფაქტებს შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება.

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ უბნებში დღესაც არის უკანონო მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო: სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, სანამ ვხელმძღვანელობ თბილისის მთავრობას, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, არასდროს დავუშვებთ უკანონო მშენებლობას. არცერთ ასეთ ფაქტს, თავს არ დავუხრით“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერმა ამაღლების ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც კომპანია „მონუმენტმშენტმა“ სართულის უკანონო დაშენება განახორციელა. კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიას მოუწოდა, ისტორიულ ზონაში მშენებარე ობიექტი უმოკლეს ვადაში მოიყვანოს შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა საეტაპო ოქმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებლებს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადაუვადდებათ, აქამდე გამოწერილი ჯარიმები კი ჩამოეწერებათ.