LIVE

კოლუმბია მზადაა, ევროკავშირში რუსული ენერგორესურსები ჩაანაცვლოს

14 აპრ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1036
კოლუმბია მზადაა, ევროკავშირში რუსული ენერგორესურსები ჩაანაცვლოს
Bloomberg

კოლუმბია მზადაა, გაზარდოს ევროკავშირის ენერგომომარაგება რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, განუცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ CNN-ს.

მისი თქმით, ქვეყანას შეუძლია გაზარდოს როგორც ნავთობისა და გაზის, ასევე სუფთა წყალბადისა და ნახშირის მიწოდება.

“დღეს კოლუმბიას შეუძლია გაზარდოს ნახშირის წარმოება. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი რესურსები და არ ვიყენებთ მათ ენერგიის წარმოებისთვის”, - განაცხადა დუკემ.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკების შემდეგ კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაზრდის ნახშირის მიწოდებას გერმანიაში.

კოლუმბიის ლიდერი ნიუ-იორკში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა.

კოლუმბიის სამთო და ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ნავთობისა და გაზის სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,3%-ს, ხოლო სამთო მოპოვება მშპ-ს დაახლოებით 2%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, CNN-თან ინტერვიუში კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედებები უკრაინაში გენოციდს წარმოადგენს. კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც რუსეთის სამხედრო დანაშაულების უკრაინაში გენოციდი უწოდა, დუკემ უპასუხა: ”რაც ხდება უკრაინაში არის გენოციდი. და ეს უნდა შეწყდეს. ეს სიგიჟეა”.