
WHO-ს დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ მსოფლიოს სხვა ჰუმანიტარულ კრიზისებს მხოლოდ ნაწილი გაეწია იმ დახმარების, რაც უკრაინამ მიიღო. მისი თქმით, უკრაინის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთელ მსოფლიოზე აქვს გავლენა.
თუმცა, გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ეთიოპიის ტიგრეის პროვინცია, იემენი, ავღანეთი და სირია ასეთ ყურადღებას არ იღებენ.
"არ ვიცი რამდენად აქცევს მსოფლიო თანაბარ ყურადღებას თეთრკანიანებისა და შავკანიანების სიცოცხლეს", - განაცხადა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე.
ტედროსის განცხადებით, გაერომ დაადგინა, რომ ეთიოპიის რეგიონისთვის ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 100 სატვირთო მანქანაა საჭირო. რაც შეეხება იემენს, გაერო მას მსოფლიოს ყველაზე უარეს ჰუმანიტარულ კრიზისს უწოდებს. ავღანეთში, ასევე გაეროს მიხედვით, ჰუმანიტარული დახმარება 24 მილიონ ადამიანს სჭირდება გადასარჩენად.
სირიაში სამოქალაქო ომი 11 წელია მიმდინარეობს. ნახევარ მილიონამდე ადამიანი მოკლეს, ხოლო მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
უკრაინაში ომი რუსეთმა 50 დღის წინ დაიწყო. ომის დანაშაულების პროკურორებმა, რომლებიც ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ადგილზე ჩავიდნენ, უკრაინას დანაშაულის ადგილი უწოდეს, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსულ სამხედრო ძალებს გენოციდის ქმედებებში ადანაშაულებს.