LIVE

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 434 მოქალაქეა რეგისტრირებული - RS

13 აპრ 202213:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 1425
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 434 მოქალაქეა რეგისტრირებული - RS

პირველი მარტიდან დღემდე, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზაში 434 მოქალაქეა რეგისტრირებული. მათგან, მოსამართლის ბრძანებით 8, ხოლო საკუთარი სურვილის საფუძველზე, 426 პირი დარეგისტრირდა. 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

  • არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ან გადატანა;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
  • თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

პირველი მარტიდან, საქართველოში ასევე აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება. ამავდროულად, სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება.