LIVE

საქართველოსა და სომხეთში Glovo-ს ახალი უკრაინელი მენეჯერები ჰყავს

12 აპრ 202217:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 527
საქართველოსა და სომხეთში Glovo-ს ახალი უკრაინელი მენეჯერები ჰყავს

საქართველოსა და სომხეთში Glovo-ს ახალი უკრაინელი მენეჯერები ჰყავს. კომპანიის გადაწყვეტილებით, საქართველოში Glovo-ს გენერალურ მენეჯერად არტემ კოლოსიუკი დაინიშნა, სომხეთში კი Glovo-ს გენერალური მენეჯერის პოზიცია ოლეგ გოროშჩაკმა დაიკავა.

არტემ კოლოსიუკი გენერალური მენეჯერის მოვალეობის შესრულებას პირველი აპრილიდან შეუდგა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ქვეყანაში მაშინ ჩამოვა, როცა შეზღუდვები მოიხსნება და გადაადგილება შესაძლებელი გახდება. არტემ კოლოსიუკი საქართველოში Glovo-ს გენერალური მენეჯერის პოზიციას 18 თვის განმავლობაში დაიკავებს. 

კომპანიის ინფორმაციით, არტემ კოლოსიუკი 9 თვის მანძილზე, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში ხელმძღვანელობდა Glovo-ს ოპერირებას.

„ამ დროის განმავლობაში, მან მოახერხა რეგიონული გუნდების შექმნა და სტრუქტურირება. გარდა ამისა, მას აქვს FMCG-ში, კომერციის ხელმძღვანელისა და გენერალური მენეჯერის გამოცდილება. ამასთან, არტემის რეზიუმეში შეხვდებით სტარტაპებთან თანამშრომლობის შთამბეჭდავ გამოცდილებასაც. გვჯერა, რომ არტემ კოლოსიუკის გამოცდილების ეს მიქსი დაგვეხმარება, რომ გავაძლიეროთ საქართველოში ჩვენი წარმომადგენლობა და გავაფართოოთ ბაზარი“, - აცხადებენ Glovo-ში.

შეგახსენებთ, Glovo სამ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. ამ დროის მანძილზე, აპლიკაცია ქვეყანაში ყოველმა მესამე სრულწლოვანმა მოქალაქემ გადმოწერა. Glovo-ს აპლიკაციით სარგებლობა საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, გორში, თელავსა და ბაკურიანშია შესაძლებელი.