LIVE

რას საქმიანობენ და რა ბიზნესი აქვთ პუტინის სანქცირებულ შვილებს?

12 აპრ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 585
რას საქმიანობენ და რა ბიზნესი აქვთ პუტინის სანქცირებულ შვილებს?
Andrey Rudakov/Bloomberg

ათწლეულების მანძილზე ვლადიმირ პუტინის ორი ქალიშვილის ცხოვრება საიდუმლოებით იყო მოცული. ახლა სანქციებმა ისინი და მათი გაუმჭვირვალე საქმიანი ურთიერთობები ყურადღების ცენტრში მოაქცია.

მარია ვორონცოვასა და კატერინა ტიხონოვას სანქცირება, რომლებსაც პუტინი საჯაროდ არ იხსენიებს ქალიშვილებად, ძირითადად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან გაურკვეველია, აქვთ თუ არა მათ მნიშვნელოვანი აქტივები რუსეთის ფარგლებს გარეთ.

2011 წელს სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ მისი ქალიშვილები “ჩვეულებრივ ცხოვრებას” ეწეოდნენ. 

“მადლობა ღმერთს, ისინი არ არიან ჩართულნი პოლიტიკასა და ბიზნესში”, - განუცხადა პუტინმა რუსეთის პირველ არხს. როგორც ჩანს, ეს შეიცვალა შემდგომ წლებში, როდესაც ორივე ქალიშვილმა დაიკავა ბიზნეს თანამდებობები.

36 წლის ვორონცოვა ენდოკრინოლოგი და სამედიცინო კომპანია Nomeko-ს თანამფლობელია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში.

35 წლის ტიხონოვა, პუტინის უმცროსი ქალიშვილი, კავშირშია $1,6 მილიარდიან პროექტთან, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად სამეცნიერო ცენტრისა და სტარტაპ ინკუბატორის განვითარებას. ის ასევე ხელმძღვანელობდა ელიტარული სკოლის ხელოვნური ინტელექტის ცენტრს და მის შვილობილ ფონდს სახელწოდებით “ინტელექტუალური განვითარების ეროვნული ფონდი”.

ორივეს მართავს Innopraktika Foundation-ი, რომლის რწმუნებულები არიან პუტინის მოკავშირეები, მათ შორის Rosneft-ის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი და Gazprombank-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი აკიმოვი.

ტიხონოვას ყოფილმა ქმარმა, კირილ შამალოვმა ქონება ნავთობქიმიურ გიგანტ Sibur Holding-ში ინვესტიციით მოიპოვა აკიმოვის სახელმწიფო ბანკისგან მიღებული სესხით. განქორწინების შემდეგ მან აქციები გაყიდა.

პუტინის შვილები იშვიათად ჩნდებოდნენ კამერის წინ, თუმცა ტიხონოვა 2013 წელს შვეიცარიაში აკრობატულ როკ-ენ-როლის კონკურსზე დააფიქსირეს.

პუტინის პირველი მეუღლე, ყოფილი ბორტგამცილებელი, ჯერჯერობით თავს არიდებს სანქციებს, რომლებიც პრეზიდენტის მოკავშირეებს და მათ ოჯახებთან ასოცირებულ კომპანიებს შეეხო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია