LIVE

IDFI: ჯანდაცვის სექტორში ხელფასის მსყიდველუნარიანობა 2015 წლის დონეზეა

11 აპრ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 661

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, საქართველოს საცალო ფარმაციისა და ჯანდაცვის სექტორის ბრუნვამ 2020 წელს 3.1 მლრდ. ლარს მიაღწია, ხოლო 2021 წელის მდგომარეობით 3.4 მლრდ-ს აჭარბებს.

IDFI-ის მიმოხილვის თანახმად, ბოლო წლებში საცალო ფარმაციის ბაზარი საშუალოდ 16%-ით იზრდებოდა და 2021 წლისათვის 2.2 მლრდ. ლარს, ანუ მთლიანი ბაზრის 65%-ს მიაღწია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 7%-ით იზრდებოდა და სავარაუდოდ 1,2 მლრდ-ს მიაღწევს საავადმყოფოებისა და კლინიკების ბრუნვა.

2021 წელს, 2016 წელთან შედარებით 64%-ით არის გაზრდილი მედიკამენტების ფასები, ხოლო ამბულატორიული მომსახურება 35%-ით გაძვირდა. 31%-ით არის გაძვირებული ჯანმრთელობის დაზღვევა, ხოლო  სტაციონარული მომსახურების ფასმა 11%-ით მოიმატა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა და 2021 წლისათვის 161 ლარი შეადგინა ერთი ოჯახის ყოველთვიურმა ხარჯმა საცალო ფარმაციის ბაზარზე.

კვლევის თანახმად, 2016-2021 წლებში ნომინალური ხელფასი ჯანდაცვის სექტორში 4.7%-ით გაიზარდა და 1108 ლარს მიაღწია, თუმცა ინფლაციის გამო მსყიდველუნარიანობა 2015 წლის დონეზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჯანდაცვის კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 24%-ით აღემატებოდა სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ხელფასებს და საშუალოდ 1 423 ლარი შეადგინა.

როგორც IDFI-ის ანგარიშშია მითითებული, 2020 წელს დანახარჯები ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3.6%-ს შეადგენდა და 1.1 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა 2019 წელის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე მშპ-ის მიმართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდებულ მინიმუმზე (5%) ნაკლებია.

2020 წელს ერთი ადამიანი საშუალოდ 3.7-ჯერ მიმართავდა ამბულატორიისა და პოლიკლინიკის ექიმს, ხოლო 2013 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 1.9 იყო. მიუხედავად მიმართვიანობის ზრდისა, აღნიშნული მაჩვენებელი დაბალია სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (8.3).

კვლევის თანახმად, 2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ საავადმყოფოებში ვიზიტები 2019 წელთან შედარებით (სხვა დაავადებებზე) 42%-ით შეამცირა, ხოლო 2021 წლის მიმართვიანობა დამატებით 32 301-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე დამტკიცებული ბიუჯეტის გადახარჯვა საშუალოდ 10%-ზე მაღალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ხოლო 2021 წელს სახელმწიფომ პანდემიის მართვაზე დაახლოებით 600 მლნ. ლარზე მეტი დახარჯა.

IDFI-ის რეკომენდაციით, კერძო დაზღვევის წახალისება და ერთიანი ბაზის შექმნა შეამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს და ბიუჯეტის დაბალანსება არ მოხდება სხვა პროგრამებზე ხარჯვის შემცირებით. აღსანიშნავია, რომ კერძო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს.