
ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla გეგმავს დაამზადოს თვითმართვადი ტაქსი, რომელიც "ფუტურისტულად გამოიყურება". ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა გუშინ განაცხადა.
კოვბოის შავ ქუდსა და მზის სათვალეში გამოწყობილმა 50 წლის მილიარდერმა კომენტარი ტეხასში, Tesla-ს $1,1 მილიარდის ღირებულების გიგა ქარხნის გახსნაზე გააკეთა.
"მასიური მასშტაბი. სრული თვითმართვა. მიზნობრივი რობოტაქსი", - მასკმა ქარხანაში შეკრებილ ხალხს ახალი ავტომობილი ასე დაუხასიათა.
რობოტაქსის გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მასკმა აღნიშნა, რომ ტეხასში Tesla-ს ქარხანა იქნება ყველაზე დიდი ავტომობილების ქარხანა შეერთებულ შტატებში. მისი თქმით, ტეხასში დამზადებული Model Y ელექტრო მანქანების მიწოდება უკვე დაიწყო. საწარმო, რომელიც ზომით პენტაგონზე დიდია, წელიწადში ნახევარ მილიონ ასეთ ავტომობილს გამოუშვებს.
მასკის თქმით, ტეხასის გიგა ქარხანას აქვს პოტენციალი, გახდეს მსოფლიოში ბატარეის ყველაზე დიდი საწარმო.
მილიარდერმა აღნიშნა, რომ 2022 წელი კომპანიის მასშტაბის ზრდის წელია, ხოლო 2023 წელს კი ბაზარზე ახალ პროდუქტებს გამოუშვებს, მათ შორის იქნება Cybertruck, Semi და ახალი თაობის Roadster.
ტეხასში გიგა ქარხნის გახსნის აღსანიშნავად ელონ მასკმა გუშინ ღამით 15000-ზე მეტი ადამიანისთვის წვეულება მოაწყო. ღონისძიება სახელწოდებით Cyber Rodeo ასობით დრონის შოუთი დაიწყო. მათ ცაში Cybertruck-სა და Shiba Inu-ს ფორმები გამოსახეს.
წვეულების სტუმრებს შორის VIP დარბაზში მსახიობი ჰარისონ ფორდი მასკის დედასთან და ძმასთან ერთად შენიშნეს.
ღონისძიებაზე არაერთი არტ ინსტალაცია იყო მოწყობილი. მასკის გამოსვლის შემდეგ, ღამის ცა ფეიერვერკმა ბეთჰოვენის სიმფონია № 5-ის ფონზე გაანათა.
ღონისძიებაზე მოხვედრა რამდენიმე ფანსაც სურდა, მაგრამ ისინი დაცვამ არ დაუშვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შონ ო'კეინი და დანა ჰალი